სტატიები

„ქართულ ყველზე ამერიკაში დიდი მოთხოვნაა“

როგორც knews.ge-ს საწარმოს დამფუძნებელმა, ლევან ბეჟანიშვილმა განუცხადა, ამერიკაში ქართულ ყველზე დიდი მოთხოვნაა. ბეჟანიშვილი ამბობს, რომ პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა. 
„ჩვენი პროდუქცია ძირითადად ამერიკაში ექსპორტზე გადის. ქართულ ყველზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი მოთხოვნაა. ჩვენი ყველი ამერიკის ბევრ შტატში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რეალიზაციის პრობლემა არ არის. რძე, რომლისგანაც მზადდება ყველი, არის ხარისხიანი და შესაბამისად გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ყველს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სუპერმარკეტში ვყიდით“, – განუცხადა knews.ge-ს ლევან ბეჟანიშვილმა. 
საწარმოს ტექნოლოგის, გიორგი ღაღოშვილის ინფორმაციით, საწარმოში სულგუნის 10 სახეობასა და პრესილ ყველს შვეიცარული და ჰოლანდიური ტექნოლოგიით ამზადებენ, რძეს კი მცირე ფერმერებისგან იბარებენ. 
„გვაქვს შებოლილი, ჭყიტი, ნადუღში სულგუნი, პრესილი ყველები. რძეს ვიღებთ ისეთი ფერმებისგან, რომელიც სურსათის უვნებლობის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ არის. რძეს ვიბარებთ ძირითადად თელავიდან, რუისპირიდან, ფშაველიდან, ალვანიდან, ლალისყურიდან, კურდღელაურიდან, ახმეტისა და გურჯაანის რაიონების სოფლებიდან. ყველს ვამზადებთ ძველი ტრადიციით. უცხოური ტექნოლოგიით ვამზადებთ პრესილ ყველს სხვადასხვა ფაქტორისა და დაძველების მიხედვით. გვაქვს ჰოლანფიური, შვეიცარიული ყველი, თუმცა ძირითადად ქართულ ყველზე ვაკეთებთ აქცენტს. პროდუქცია საწყობდება და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გადის სარეალიზაციოდ”, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი ღაღოშვილმა.
რძის გადამამუშავებელმა საწარმომ არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა (HACCP) დანერგა. შედეგად საწარმოს სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მოპოვებული აქვს უვადო აღიარება. 
„საწარმო აღჭურვილია პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ყველა დანადგარით. საწარმოს გააჩნია პროდუქციის ხანმოკლე შენახვის შესაბამისი სათავსო, შესაფუთი მოწყობილობა და მანქანა–მაცივრები. საწარმოში დანერგილია კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა. HACCP-ის სისტემის დანერგვის შემდეგ ხარისხი უფრო გავაუმჯობესეთ და ამის შემდეგ დავიწყეთ ამერიკაში პროდუქციის ექსპორტი”, – აღნიშნა ღაღოშვილმა. 
ამერიკის ბაზარზე თუშეთში დამზადებული გუდის ყველიც იყიდება. გომეწრის ხეობაში მდებარე კოოპერატივმა ,,ალაზნისთავმა“ ოთხი სახეობის გუდის კალიფორნიასა და ნიუ იორკში გასულ წელს გაიტანა. როგორც კოოპერატივი „ალაზნისთავის“ დამფუძნებელმა გიორგი აბულაძემ knews.ge-ს განუცხადა, პროდუქცია სხვა ქვეყნების ბაზარზეც გაიყიდება. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ისრაელთან და რუსეთთან.
,,დღემდე თითქმის ტონანახევარი ყველი უკვე გავიდა ნიუ იორკის ბაზარზე და ეხლაც გადის. მოვიძიეთ კონტაქტები და შემდგომში შუამავალი ექსპორტიორი კომპანია დაგვიკავშირდა და ასე გავიტანეთ პროდუქცია. ამ ეტაპზე მოლაპარაკება გვაქვს ისრაელთან, სადაც უახლეს პერიოდში ჩვენი ყველის პირველი პარტია უკვე შევა. უახლოეს მომავალში კი ვგეგმავთ ჩვენი პროდუქცია აუცილებლად გავიტანოთ რუსეთში. მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს“, – აცხადებს knews.ge-სთან გიორგი აბულაძე.