თუშეთში სოფლის მეურნეობის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროექტი 2015 წლიდან ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თუშეთის სოფლებში მაცხოვრებელ მცირე და მიკრო ბიზნესით დაკავებულ მეწარმეებს, ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებას. გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 15 000 ლარს, აპლიკანტს მოეთხოვება მინიმუმ 35%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა. გრანტით არ დაფინანსდება მუშახელის შრომის ანაზღაურება, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯები, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული პროექტის განხორციელებასთან.
,,პროექტი მიზნად ისახავს ტრადიციული მეცხვარეობის, მემინდვრეობისა და მებოსტნეობის მხარდაჭერას თუშეთის თემში. პროექტის აქტივობები აძლიერებს მეკარტოფილეობის და მებოსტნეობის ღირებულებათა ჯაჭვსა და თუშური ცხვრის მატყლის გადამუშავებას და რეალიზაციას. პროექტის შემადგენელი ნაწილი არის ალტერნატიული შემოსავლის წყაროების განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 2 წლის წინ ჩეხეთის კარიტასმა თუშეთში დააფინანსა 6 ბიზნეს პროექტი, რომელიც მოიცავდა სოფლის მეურნეობის და მომსახურების სფეროებს“.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (Charita Česká republika) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი საქმიანობა ჩეხეთში მიმართულია სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის სფეროში. ორგანიზაცია, ასევე, ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს 16 ქვეყანაში. 2008 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ინტენსიურად მუშაობს საქართველოშიც. მიმდინარე პროექტები დაკავშირებულია ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ახალგაზრდების ჩართულობის და სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებებთან.
გრანტით დაფინანსებული აქტივობები უნდა დაიწყოს 2018 წლის 1 აპრილს და უნდა დასრულდეს 2018 წლის 31 აგვისტომდე. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 19 თებერვალს, 12.00 საათზე, სოფელ ქვემო ალვანის კულტურის სახლის პირველ სართულზე. 15.00 საათზე კი საინფორმაცი შეხვედრა ჩატარდება ზემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის პირველ სართულზე.