გურჯაანის მოსახლეობა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უპირისპირდება
გურჯაანში მცხოვრები მარინა ზარდიაშვილი უკვე რამდენიმე თვეა ელექტროენერგიის საფასურს 14-ის ნაცვლად 18 თეთრიანი ტარიფით იხდის. ზარდიაშვილი ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიის გურჯაანის სერვის-ცენტრს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
,,დენის ტარიფი არასწორად არის დაანგარიშებული და ეს ხდება უკვე მესამე თვეა. უკვე აღარ ვიცი, ვის უნდა მივმართო, რომ შეცდომა გამოასწოროს. ეს პირველად არ ხდება, ადრეც არ მქონდა 100 კილოვატი დამწვარი და 1 კილოვატზე 14-ის ნაცვლად 18 თეთრი გადამახდევინეს. ვიყავი ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ გურჯაანის ფილიალში და მითხრეს 95 კილოვატიც რომ გქონდეს, მაინც 18 თეთრიანი ტარიფით უნდა გადაიხადოო, ასეა კანონითო. სად წერია-მეთქი და ვერ მითხრეს. გურჯაანში საკუთარი ტარიფები აქვთ მთელი საქართველოსაგან განსხვავებით. არადა კომპანიის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (დღგ-ს ჩათვლით): 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 30 კალენდარულ დღეში 1 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 14 თეთრი ღირს, 2 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 18 თეთრი, ხოლო 3 301 კვტსთ-დან და მეტი 22 თეთრთით ანგარიშდება. მე 101 კი არა, 99 კილოვატი მაქვს დამწვარი და რატომ უნდა გადავიხადო 18 თეთრი, როცა კანონში წერია, რომ 14 თეთრით უნდა იანგარიშონ? მაინტერესებს რატომ არის გამოთვლილი თანხა 18 თეთრზე და პასუხს ვერ ვიღებ’’,– განუცხადა Knews.ge-ს მარინა ზარდიაშვილმა.
არასწორად მომატებულ ტარიფზე ჩივიან გურჯაანში მცხოვრები სხვა მოქალაქეებიც. ისინი ირწმუნებიან, რომ ამ პრობლემის გამო ელექტროენერგიის მომატებული საფასურის გადახდა უწევთ.
,,გასულ თვეს მომივიდა ქვითარი სადაც ეწერა, რომ 100-ზე მეტი კილოვატი გვქონდა დამწვარი. ამდენი ელექტროენერგია არ მოგვიხმარია მაშინაც, როცა სახლში რემონტი გვქონდა და სხვადასხვა ხელსაწყო იყო ჩართული. არ მესმის, საიდან მოვიდა ამხელა გადასახადი. მსგავსი პრობლემა ჩემს ირგვლივ სხვებსაც აქვთ. სპეციალურად ზრდიან გადასახდელი თანხის ოდენობას თუ რა ხდება ვერ ვიგებ,’’-განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანელმა ლალი გულუაშვილმა.
,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ამბობენ, რომ გურჯაანში მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკონ (032 2471707) და კომპანიას პრობლემის შესახებ მიაწოდინ ინფორმაცია და მისი მოგვარება მოითხოვონ. კომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ მომხმარებლებს ნებისმიერი პრობლემის შემთხევაში შეუძლიათ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რაიონულ ცენტრებს მიმართონ. კახეთის რეგიონში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი სოფიო აივაზაშვილი განმარტავს, რომ მოქალაქეს შეუძლია შექმნილი პრობლემის შესახებ ენერგოომუდსმენის აპარატს მიმართოს წერილობით თბილისში ან თელავში, რომლის შემდეგაც ისინი განაცხადის შესწავლის პარალელურად მიმართავენ კომპანიას, გამოიკვლიოს მოქალაქის პრობლემა.
,,თუ არ მოგვმართა აბონენტმა, გაგვიჭირდება პრობლემაზე საუბარი. ამ პრობლემით მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს. ერთობლივი განცხადებები ხშირად შემოდის ჩვენთან კონკრეტული სოფლიდან ან უბნიდან. როცა იდენტიფიცირებულია პრობლემა, უფრო ადვილია მოგვარება. ამ შემთხვევაში მოქალაქესაც შეუძლია გამოასწოროს პრობლემა და თუ კომპანიის ბრალია, ჩვენ ვავალდებულებთ მის მოგვარებას. კომპანია საპასუხო წერილში გვწერს, რამდენ ხანში გამოასწორებს აღნიშნულ პრობლემას. განცხადების დამუშავების და პრობლემის გამოვლენის შემდეგ ჩვენ პირადად მივდივართ და ვამოწმებთ რამდენად მოგვარდა ეს პრობლემა’’,– განუცხადა Knews.ge-ს სოფიო აივაზაშვილმა.