სტატიები

კახეთში შეშის მარაგი შესაძლოა რამდენიმე წელიწადში ამოიწუროს

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება ძვირია, რის გამოც ისინი ზამთარში გათბობას შეშით ამჯობინებენ. 
ექსპერტები ფიქრობენ, რომ შექმნილი პრობლემიდან ერთ-ერთ გამოსავალი მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირებაა. მოსახლეობის თქმით, იმის გამო, რომ ზამთარში ბუნებრივი აირის წნევა დაბალია, მათ სათბობად გაზის ორმაგი რაოდენობის მოხმარება უწევთ, რის გამოც გათბობის ერთადერთი ალტერნატიული წყარო შეშაა, რომლის ღირებულება შედარებით დაბალია. 
,,რამდენჯერმე გაზარდეს გადასახადი ბუნებრივ აირზე. ისე ვერ ვიხდიდით გადასახადს და ახლა მითუმეტეს ძალიან გაგვიჭირდა. ხალხს ბუნებრივი აირი ყავს შეყვანილი და ზოგი ისევ შეშით თბება. ასე უფრო იაფი ჯდება. ეს ტყის ჩეხვაზეც უარყოფითად აისახება. რამე უნდა გააკეთოს ამ საკითხის მოსაგვარებლად მთავრობამ, რათა არ გაიჩეხოს ტყეები და მოსახლეობასაც შედარებით იაფი დაუჯდეს გათბობა ზამთარში’’,- განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებმა ლალი ოთარაშვილმა.
გარემოს დაცვის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველო შესაძლოა, შეშის რესურსის გარეშე დარჩეს. ექსპერტი კახა სუხიტაშვილი რეგიონში შეშის არალეგალური გამოყენების ზრდაზე მიუთითებს და შიშობს, რომ ამ ფაქტორმა შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს. სუხიტაშვილის ვარაუდით, მალე ქვეყანაში შეშის მწვავე დეფიციტი შეიქმნება, ხოლო რამდენიმე წელიწადში სრულად ამოიწურება. 
“შეშის არსებული რესურსი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა. ასეთ ფონზე მოსახლეობა თავისუფლად მოიხმარს შეშას, თითქოს არც კი არსებობდეს პრობლემა, რაც მისი არალეგალურად გამოყენების ეჭვს აჩენს. კახეთს თავად არ აქვს საკმარისი რესურსი და ამ დროს შეშით ქვემო ქართლის ნაწილსაც ამარაგებს. ეს უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი გათვლით, შეშა საქართველოში დეფიციტური გახდება”, – განუცხადა Knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, შესაძლოა, გაზის ტარიფი უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. მისი განცხადებით, მართალია, სოფლებში გაზიფიცირების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ამ ფაქტორმა ხე-ტყის უკანონოდ ჭრის პრობლემა ვერ მოაგვარა.
„ბოლო წლების განმავლობაში ბევრ სოფელში გაზი შევიდა. სოფლების დაახლოებით 75% გაზიფიცირებულია, თუმცა მოლოდინი, რაც თავდაპირველად გვქონდა, არ გამართლდა. გაზიფიცირებას ხე-ტყის უკანონოდ ჭრის პრობლემა უნდა მოეხსნა და ეს არ მოხდა. მოსახლეობისთვის გაზის მოხმარება გაცილებით ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე შეშის მოხმარება. ზოგადად გაზიფიცირებამ ტყით სარგებლობა გარკვეულწილად შეამცირა, რადგან ხალხი ზაფხულშიც შეშას მოიხმარდა, მაგრამ ზამთარში მაინც შეშისკენ მიიწევენ. ეს დიდი პრობლემაა. უკვე დავსვით აღნიშნული საკითხი განსახლველად მთავრობის წინაშე და ამას დრო და მსჯელობა სჭირდება. მოსახლეობას ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ შეშაზე ინტერესი ნაკლები ჰქონდეს. გაზი კი იმდენად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ შეშის მოხმარებაზე ნაკლები დაჯდეს. უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხზე მსჯელობაც გაიმართება“, – აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ტყით სარგებლობის წესები მკაცრდება. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებებით განხორციელდება, მინიმუმამდე შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.
„ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით. ლევან დავითაშვილმა მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად აწესრიგებს ტყის გამოყენების წესებს, ამკაცრებს მას და ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას ნერგავს ჩვენს ქვეყანაში. ახალი წესები ტყისთვის მიყენებულ ზიანს შეამცირებს, ხელს შეუწყობს მდგრადი ტყის განვითარების პროცესს ქვეყანაში, მოემსახურება ორგანიზებული ტყით სარგებლობის განვითარებას, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რიცხვს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.