სტატიები

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა

2015 წლის მიგრანტების კრიზისის გამო ევროპა თავშესაფრის მაძიებლებს ხშირად უარით ისტუმრებს. თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა.
,,თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%–ით გაიზარდა. 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რიცხვი 43%–ით შემცირდა. სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს საერთო ჯამში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი დაახლოებით 707 ათასმა უცხოელმა მოითხოვა, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს რიცხვი 1,3 მილიონს შეადგენდა“, – ამბობს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში მოიმატა და ამ სახელმწიფოსთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 
,,ორგანიზებული დანაშაული, როგორც მთავარი პრობლემა, დაფიქსირებული არ ყოფილა. იყო გარკვეული ზრდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვში, ერთ კონკრეტულ სახელმწიფოში. ჩვენ ამ სახელმწიფოსთან უკვე აქტიურად ვმუშაობთ პოლიციის ატაშეს მეშვეობით. უახლოეს პერიოდში დავგეგმავთ ვიზიტს და ალბათ კოლეგებთან ერთად დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ჩვენ აქ დიდ პრობლემას და სირთულეებს ვერ ვხედავთ”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თელავის ოფისის კოორდინატორი მაკა ლეონოვი მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვს ნაკლები შესაძლებლობა, ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში თავშესაფრი მიიღონ. 
,,როგორც ვიცით, 2016 წლის 3 აგვისტოს ბელგიამ გამოაქვეყნა უსაფრთხო ქვეყნების სია, სადაც საქართველო შეყვანილია როგორც ერთ–ერთი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნა. ეს იმას ნიშნავს, ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები შანსი აქვთ მიიღონ თავშესაფარი. სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა ან პროფესიული განვითარების ხელშეწყობა არ შეიძლება იყოს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი“, – განუცხადა knews.ge-ს ლეონოვმა.
საზოგადოებაში ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის დროს ძირითადად იკვეთება ევროპაში მასობრივი მიგრაციის საკითხი. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის პარალელურად ევროკავშირმა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ე.წ. სწრაფი შეჩერების ახალი მექანიზმი დაამტკიცა. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი განმარტებით, შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ევროკავშირის მიერ ამა თუ იმ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას რამდენიმე ძირითადი კომპონენტის საფუძველზე. კახა გოგოლაშვილი მიუთითებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის ერთ–ერთი საფუძველია უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრად გაზრდა. 
,,შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საზღვარზე ევროკავშირის სახელმწიფოში შეშვებაზე უარს ეტყვიან და, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენის ვადებს დაარღვევენ. შენგენის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლა შეწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზრდება, ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (თანამშრომლობის გაძლიერება უკანონო მიგრაციის ბრძოლის საკითხებში) და საქართველოდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას. ამ ეტაპზე საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს“, – განმარტავს knews.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.