თუშური ჩაი „უშარო“ იწყებს საქველმოქმედო კამპანიას
აღნიშნული პროექტის მიხედვით რეჟისორი გურამ ქართველიშვილი იღებს ფილმს “ბახტრიონი 1659”.
“ეს ფილმი იქნება მაგალითი იმისა, თუ რატომ არ უნდა ეძინოს ერს, როცა ქვეყანა ხელიდან მისდის. სწორედ ასეთი საშიშროება დაემუქრა კახეთის სამეფოს იმ პერიოდში და უდიდესი სისხლისღვრით დამთავრდა. აქამდე საქმე არასდროს არ უნდა მივიდეს. სწორედ ეს ფილმი იქნება მაგალითი არა მარტო ქართველებისთვის, არამედ სხვა ხალხისთვისაც. ჯერჯერობით შემოწირულობებით ვიღებთ ფილმს, ზოგი ფინასურად გვეხმარება, ზოგი – რეკვიზიტით, მაგალითად: შეიძლება ხანჯალი გვათხოვოს, დათვის ტყავი ან ოჯახური რელიქვია”, – აღნიშნავს ფილმის რეჟისორი გურამ ქართველიშვილი.
თუშური ჩაი “უშაროს” დამფუძნებლის, გიორგი სეხნიაიძის განცხადებით, კომპანია იწვევს სამ საწარმო, კომერციულ, სასტუმრო ან კვების ობიექტს. მისივე ინფორმაციით, მათ უნდა ჩარიცხონ 5, 10, 15 20 ლარი ან მეტი და გამოიწვიონ სამი სხვა ობიექტი.
„ბევრმა ალბათ იცის ბახტრიონის აჯანყების ისტორია, მაგრამ დღევანდელი განათლების სისტემა არ აძლევს ჩვენს თაობას, კარგად შეისწავლოს სამშობლოს რეალური ისტორია სკოლაში. პროექტი “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ამის კარგი საშუალებაა. ჩვენი წინაპრების სისხლია დაღვრილი 1659 წლის ბახტრიონის აჯანყების დროს, რომელშიც თუშებს ლომის წვლილი მიუძღვით. „უშარო“, როგორც ერთ-ერთი თუშური საწარმო, იმ მთების საწარმო, სადაც დაიარებოდნენ უდიდესი გმირები ზეზვა გაფრინდაული, შეთე გულუხაიძე და სხვანი, აუცილებლად უნდა ჩართულიყო ამ პროექტის დასახმარებლად. ფილმს დაფინანსება არ აქვს და ხალხის იმედადაა. ამიტომ გადავწყვიტე საწარმოების გამოწვევა და არა კერძო პირების, რომ ეს კომპანიები (და მათ შორის მეც) შემოსავალს ჩვენი ქვეყნისგან ვიღებთ და მისთვის მცირედის გაღება არ უნდა დავინანოთ. პროექტი მოიცავს მთელს საქართველოს, თუმცა პირველ ეტაპზე გამოწვეულ იქნა თუშეთში არსებული საწარმოები და კვების ობიექტები, რომლებმაც უნდა ჩარიცხონ 5, 10, 15 ან 20 ლარი ან მეტი (სურვილისამებრ) და გამოიწვიონ სამი სხვა ობიექტი”, – ამბობს გიორგი სეხნიაიძე.