დედოფლისწყაროში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა
დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ძაღლი უპატრონო იყო. ლალი ალადაშვილის განმარტებით, ოცამდე ადგილობრივი მოქალაქე ცოფის საწინააღმდეგო აცრებს იტარებს.
“სოფლის მაცხოვრებლების ნაწილი მაშინვე აიცრა. ადამიანები, რომლებიც ძაღლთან კონტაქტში იყვნენ, მოვიძიეთ და მათი ნაწილი დღეს ავცერით. რისკ-ჯგუფში შემავალი ყველა ადამიანს ანტირაბიული მკურნალობის კურსი უტარდება”, – განაცხადა ლალი ალადაშვილმა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სოფელ სამთაწყაროში უპატრონო ძაღლმა ადამიანები დაკბინა. სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები უკვე გაატარა.
“კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში უპატრონო ძაღლის მიერ ადამიანების და პირუტყვის დაკბენის შემთხვევა დაფიქსირდა. ფაქტის გამოვლენისთანავე ადგილზე გავიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარები. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იყო პათმასალა, რის შედეგადაც ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. შედეგად სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა რისკის ზონაში ჩაატარეს იძულებითი ვაქცინაცია და შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები”, – განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა 298 734 ცხოველს, მათ შორისაა 279 690 ძაღლი/კატა და 19 044 სული მსხვილფეხა პირუტყვი.
ცოფი მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც გადადის დაკბენით, დადორბვლით ან დაკაწვრით და მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა, გამოცდილი ქირურგ-რაბიოლოგის ზედამხედველობით.
სხვა ინფექციური დაავადებებისაგან განსხავებით ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი ძლიერ ეფექტურია და ავადობის შემთხვევები გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები, ან ჩაიტარეს, მაგრამ არასრულყოფილად.