1. სოფელ ახაშენში ნატურალური წვენების საწარმო გაიხსნება
შპს ,,როშე“ სოფელში 2 მილიონამდე ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. კომპანიამ ახაშენში მდებარე ძველი შენობისა და მასზე მიმაგრებული მიწის შესყიდვის თხოვნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების გადაწყვეტილებით, ქონების პრივატიზაცია ელექტრონულ აუქციონზე განხორციელდება.
კომპანია ,,როშეს“ წარმომადგენელი ქეთევან ადეიშვილი აცხადებს, რომ საწარმო თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი.
,,სურვილი გვაქვს, რომ შევიძინოთ გურჯაანში გამგეობის ბალანსზე არსებული არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი, სადაც ვგეგმავთ ხილის ნატურალური წვენების თანამედროვე საწარმოს მშენებლობას, რაც გულისხმობს დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციას სოფელში”, – განუცხადა Knews.ge-ს ქეთევან ადეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საწარმოს გახსნის შემდეგ 15 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხილს კი ადგილობრივი ფერმერებისგან იყიდიან.
“კომპანიის მშენებლობის პროცესში დასაქმდებიან ადგილობრივები, დაახლოებით 20–30 ადამიანი, ხოლო საწარმოს ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ საწარმოო პროცესში მუდმივი სამუშაოთი დასაქმდება 10–15 ადამიანი. აღნიშნული პროექტი ადგილობრივებისთვის სხვა მხრივაც დადებითი იქნება იმიტომ, რომ შესაბამისი ხარისხის შემთხვევაში ხილს მათგან შევიძენთ. გეგმის მიხედვით საწარმოს ასაშენებლად და ინვესტიციის განსახორციელებლად 2 წელი დაგვჭირდება’’,– აღნიშნა ადეიშვილმა.