თელავში მოსახლეობა გაზის დაბალი წნევით მიწოდებას აპროტესტებს
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუნებრივ აირს, სავარაუდოდ, მინარევები მოჰყვება, გაზი დაბალი წნევით მიეწოდება, რაც ზამთარში გათბობის პრობლემას ქმნის.
ისინი ირწმუნებიან, რომ წნევის დაცემის გამო ზამთარში ბუნებრივი აირს გაცილებით მეტი რაოდენობით მოიხმარენ, რის გამოც თითქმის სამმაგ გადასახადს იხდიან.
,,ზამთარში გაზს, სავარაუდოდ, აკლებენ, რადგან მეტი მოიხმაროს ხალხმა. ისედაც გაზრდილია გადასახადები და მინარევების გამო კიდევ მეტი გადასახადი ემატება. გაზრდილ გადასახადს აღარ ვჩივით, მთელი დღე გვაქვს ოთახში ჩართული გაზის გამათბობელი და ვერ ვთბებით. ყოველ ზამთარს ასე ვართ. ხომ უნდა აგოს ამაზე ვინმემ პასუხი? იძულებულები ვართ, შეშის ღუმელიც დავამატოთ, რომ ძლიერი ყინვის დროს არ შეგვცივდეს’’, – განუცხადა Knews.ge-ს ქალაქ თელავში მცხოვრებმა, ნინო ქიტესაშვილმა.
თელავში მცხოვრები ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის გაზზე გაზრდილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ სათანადო მომსახურებას ვერ იღებს. მისი ვარაუდით, ბუნებრივ აირს მინარევები მოყვება, რაც მის სიმძლავრეზე უარყოფითად მოქმედებს.
,,გაზის ტარიფს რომ გვიზრდიან, მინარევები მოსდევს, ჩემი და ჩემი მეგობრების აზრით, ბუნებრივ აირს კალორიულობა აკლია, არ აქვს სიმძლავრე, წნევა და ეს პრობლემებს ქმნის, რადგან კარგად არ ათბობს. როგორც აბონენტს მაინტერესებს, გვაქვს თუ არა უფლება, გაზს დადგენილი წნევით ვიღებდეთ? თანხას რომ გვახდებინებენ ამდენს და გაზი ვერ მათბობს, ეს ძალიან დიდი პრობლემაა’’, – განუცხადა Knews.ge–ს ანა მარგველაშვილმა.
კომპანია „სოკარ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მოსახლეობას ბუნებრივ აირი კანონით დადგენილი წნევით მიეწოდება, რომლის სიმძლავრეა 0-6 კბ. მ/სთ.
როგორც knews.ge–ს კომპანიაში განუცხადეს, აბონენტს, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, „სოკარ ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს და ადგილზე მისულ ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებს პირადად მიაწოდოს ინფორმაცია.
,,ინდივიდუალური აბონენტები სტანდარტულად 0-6 კბ. მ/სთ–ის სიმძლავრეის გაზს ღებენ, რაც არის დადგენილი კანონით. ბუნებრივი აირის ტარიფი აგვისტოს შემდეგ არის 57 თეთრი 1 კუბურ მეტრზე. გადასახადი არ გაზრდილა. რაც შეეხება მოსახლეობის უკმაყოფილებას, ამ შემთხვევაში თითოეულმა მოსახლემ უნდა მიმართოს ადგილობრივ სერვის ცენტრს, სადაც განიხილავენ მათ პრობლემას და გასცემენ ამომწურავ პასუხს. მათ, ასევე, შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკონ და მოგვაწოდონ ინფორმაცია. ცხელი ხაზის ნომერია 16114. ასეთ შემთხვევაში ადგილზე მივა ტექნიკური სამსახურს ჯგუფი, გაეცნობა სიტუაციას და თუ რაიმე პრობლემაა, უახლოეს ხანში მოგვარდება’’,–განუცხადეს knews.ge-ს კომპანიაში.
პრობლემის შესაებ ინფორმირებულია კახეთის რეგიონში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი. სოფიო აივაზაშვილი ამბობს, რომ ენერგოომუდსმენის აპარატი მზად არის, აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობასა და კომპანიასთან ერთად იმუშავოს.
აივაზაშვილის თქმით, ისინი გაზის წნევის გაზომვას ან შემადგენლობის გაგებას ვერ მოახერხებენ, მაგრამ აბონენტს დაეხმარებიან, კომპანიას პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
„ძნელი გასაგები და გასაზომია, როგორი ხარისხის გაზი მიეწოდება მოსახლეობას. ბუნებრივ აირს შესაძლოა ვიზუალურად ეტყობოდეს სხვა შეფერილობა ან რაიმე იყოს დაზიანებული და კომპანიის ბრალი არაფერია. ხშირად გვხვდება ხელსაწყოების ან ტექნიკის გაუმართავობის, ან არასათანადოდ დამონტაჟებული გამათბობლის პრობლემა. ამის გასაგებად და იმისთვის, რომ ჩვენც ჩავერთოთ ამ საკითხის მოგვარებაში, მოქალაქემ უნდა მოგვმართოს განცხადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავიწყებთ მუშაობას. განცხადებაში უნდა იყოს მითითებული სახელი, გვარი, მისამართი და აბონენტის ნომერი. ჩვენ ამ საკითხზე მივმართავთ კომპანიას და მოვითხოვთ არსებული საკითხის შესწავლას. როცა იდენტიფიცირებულია პრობლემა, უფრო ადვილია მოგვარება. თუ კომპანიის ბრალია, ჩვენ ვავალდებულებთ მის მოგვარებას. კომპანია საპასუხი წერილში გვწერს, რამდენ ხანში გამოასწორებს აღნიშნულ პრობლემას. განცხადების დამუშავების და პრობლემის გამოვლენის შემდეგ ჩვენ პირადად მივდივართ და ვამოწმებთ რამდენად მოგვარდა ეს პრობლემა’’,– განუცხადა Knews.ge-ს სოფიო აივაზაშვილმა.