პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდა თბილისში გადაჰყავთ
როგორც knews.ge–ს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, თემირლან მაჩალიკაშვილს თბილისში, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში მოათავსებენ.
„საჭიროა თემირლან მაჩალიკაშვილი იმყოფებოდეს ნეიროქირურგის მუდმივი კონტროლის ქვეს. მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია და გადაწყდა მისი თბილისში გადაყვანა“, – განუცხადა knews.ge–ს ხათუნა ჭონიაშვილმა.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის რეფერალურ საადმყოფოში ნეიროქირურგიული ოპერაცია 26 დეკემბერს ჩაუტარდა და მესამე დღეა მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სუს–მა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი, ხოლო თბილისში 1 ბრალდებული დააკავა. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მაჩალიკაშვილის დაჭრა გააპროტესტა გუშინ, დუისის ცენტრში, შეკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ისინი ითხოვენ პასუხს ხელისუფლებისგან, რატომ ესროლეს სპეც დანიშნულების რაზმის წევრებმა 19 წლის მძინარე თემირლან მაჩალიკაშვილს. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. დღეს კი მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ წაუყენონ.