სტატიები

შაქრო ტერტერაშვილი – ახალი ბიუჯეტი აცდენილია ახმეტის რეალობას

ბიუჯეტში გათვალისწინებულია, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯების მომატებაც. ოპოზიციას ახალი წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრის, შაქრო ტერტერაშვილის ინფორმაციით, საბიუჯეტო სახსრები დიდი ნაწილი ადმინისტრაციულ ხარჯებზეა გათვალისწინებული და პრიორიტეტულ მიმართულებებზე თანხა თითქმის არ არის გაზრდილი. 
„ახალიბიუჯეტი ახმეტის რეალობას აცდენილია. მთავარ საფინანსო დოკუმენტში გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯი და პრობლემების მოსაგვარებლად მცირე თანხაა გამოყოფილი. ახმეტის განვითარებისთვის ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული. ქალაქ ახმეტაში ყველა ქუჩა გადათხრილია და გადაადგილება შეუძლებელია. სოფლებში არის წყლის, სასოფლო–სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის პრობლემა, თუმცა ამ მიმართულებით ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია და ამ მიმართულებით თითქმის არ არის გაზრდილი თანხა. ჩვენ ვითხოვდით, ბიუროკრატიული ხარჯი შემცირებულიყო. გამოთავისუფლებული თანხა შეიძლებოდა გადანაწილებულიყო სოციალურ და ინფრასტრუქტურის მიმართულებებზე“, – განუცხადა Knews.ge–ს შაქრო ტერტერაშვილმა. 
ოპოზიციას კითხვები აქვს აიპი ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხზეც. ტერტერაშვილის მტკიცებით, ოპოზიცია ითხოვდა აიპი ორგანიზაციების ხელმძღვანელების საკრებულოს ხდომაზე მისვლას და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას. 
„ჩვენ, ასევე, ვითხოვდით საკრებულოს სხდომაზე მოსულიყვნენ აიპი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ესაუბრათ, ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას რაში დახარჯავენ. მაგალითად, კულტურის ცენტრს ბიუჯეტიდან გამოყოფილი აქვს ნახევარი მილიონი ლარი და საინტერესოა მათთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების დახარჯვის რა სიკეთე ექნება ახმეტის მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით. ჩვენ, ასევე, გვქონდა კითხვები იმ აიპი ორგანიზაციასთან, რომელსაც ევალება სასაფლაობების მოვლა–პატრონობა. ყოველ წელს ეს აიპი ფინანსდება ბიუჯეტიდან, მაგრამ ამ მიმართულებით პრობლემები არ არის მოგვარებული“, – აღნიშნავს ტერტერაშვილი. 
ოპოზიციას ახმეტის მერიაში პასუხობენ. ვიცე მერი ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს, ერთობლივად განიხილონ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და იმსჯელონ მათი მოგვარების გზებზე. ზაზა მიგრიაული არ გამორიცხავს, რომ პრიორიტეტულ მიმართულებებზე თანხა გაიზარდოს. 
„საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით ახმეტაში წელიწადნახევრის განმავლობაში ხელფასები არ გაზრდილა. ადმინისტრაციული ხარჯი მცირედით არის გაზრდილი. ოპოზიციას მოვუწოდებ, რა შენიშვნებიც აქვთ ბიუჯეტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ შევჯერდეთ ამ საკითხებზე და გავაანალიზოთ. შეგვიძლია ჩვენ ბიუჯეტში ცვლილებები შევიტანოთ და სხვადასხვა მიმართულებაზე გავზარდოთ თანხა. რაც შეეხება აიპების ხელმძღვანელებთან ოპოზიციის კითხვებს, მე აუცილებლად შევთანხმდები ყვლა მათგანთან, ისინი მოვლენ საკრებულოს სხდომაზე და განმარტავენ, რაში დახარჯავენ ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას“, – განუცხადა knews.ge–ს ზაზა მიგრიაულმა. 
ხელისუფლებასთან შენიშვნები აქვს ადგილობრივ მოსახლეობასაც. ისინი ამბობენ, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვისა და დამტკიცების თარიღის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის გარდა, ახმეტელები ხელისუფლებას სთხოვენ, გამოყოს გარკვეული თანხა, რომელიც მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„დაზიანებული გზების შეკეთების გარდა, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს სოციალური ფონის ოდნავ მაინც გაუმჯობესებაზე. ხელისუფლებამ მცირედით მაინც ხელი უნდა შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას. აუცილებელია ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოს. შეიძლება მერიამ გამოაცხადოს კიდეც საგრანტო კონკურსები, რომლის მიზანი სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა“, – ამბობს knews.ge–სთან საუბრისას ახმეტაში მცხოვრები ზაქრო ვალაშვილი. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 901 000 ლარით განისაზღვრა. ინფრასტრუქტურის მიმართულებით 1 535 000 ლარია გათვალისწინებული, სოციალურ სფეროს 780 000 ლარი მოხმარდება, სკოლამდელ განათლებაზე კი 1 550 000 ლარია განსაზღვრული.