„სიღნაღის ახალი ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე“
ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულოს 29 წევრიდან 23-მა დაუჭირა მხარი. მთავარი ფინანსური დოკუმენტით, ადმინისტრაციული ხარჯები და მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება. საკრებულოს თავმჯდომარის, ილია ხატიაშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციულმა ხარჯმა 490 900 ლარით მოიმატა, საიდანაც 189 000 ლარი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზეა გათვალისწინებული.
,,მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები მთლიანად 2 მილიონ 477 000 ლარს შეადგენს. ამ მიმართულებით თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია 490, 900 ლარით. აქედან 189 000 ლარია შრომის ანაზღაურება. ხელფასები გაზრდილია დასაქმებულთა თანამდებობის მიხედვით. ამ საკითხზე შეიძლება ვიღაცას დაებადოს კითხვა რატომ იზრდება. მაგრამ აქ საუბარია იმ კვალიფიციური კადრების შენარჩუნებაზე, რომელიც გვყავს. გამოცდილი კადრი ძალიან ჭირს და თუ არ შევინარჩუნეთ ისინი, ჩვენი საქმიანობა არ იქნება შედეგიანი. ადამიანები რომლებიც ყოველდღე დადიან სამსახურში, ზოგიც სოფლიდან, მათ თუ მივეცით 400 ლარი, რომელიც საწვავის ან მგზავრობის ხარჯებს თავად გაიღებს, ის აუცილებლად წავა სამსახურიდან. იყო შემთხვევები და ამის გამო დავკარგეთ კვალიფიციური კადრები. სწორედ ამიტომ გავზარდეთ ხელფასებიც. ჩვენ გვინდა სტიმული მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს, რომ მათი მუშაობა იყოს წარმატებული”,- განაცხადა ილია ხატიაშვილმა.
საბიუჯეტო სახსრები გაიზარდა ინფრასრუქტურის, ჯანდაცვის და სოცალური მიმართულებებითაც.
,,2018 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით პროექტები და ჯანდაცვა 504 ათასი ლარით დაფინანსდა. სოციალური პაკეტი 451 ათასი ლარით დაფინანსდა, რაც წინა წელთან შედარებით 50 000 ლარით მეტია. გაიზარდა იმიტომ, რომ ამ მიმართულებით იყო მოთხოვნა მოსახლეობის მიერ. ამაში შედის სამედიცინო დახმარების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯები, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებები, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა მატერიალური და სამედიცინო დახმარება და სხვა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მიმართულებას, რომ მივუმატოთ ტრანსფერები, დაფინანსებამ 4 მილიონ 200 ათას 180 ლარი შეადგინა”, – განუცხადა Knews.ge-ს სიღნაღის ვიცე მერმა, მადონა ბატიაშვილმა.
სიღნაღის 2018 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გიორგი ბაბაკიშვილი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტი არა მოსახლეობის საჭიროებებზე, არამედ საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულთა ხელფასების მომატებაზეა გათვალისწინებული.
,,ბიუჯეტი არ არის ხალხის საჭიროებებზე მორგებული. თვითონ რასაც შეპირდნენ საარჩევნოდ მოსახლეობას, ის საკითხებიც არ არის გათვალისწინებული. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას პირდებოდნენ, მაგრამ ეს არ შეასრულეს. მხოლოდ ბაღების გაერთიანების დირექტორს აქვს 1000 ლარი ხელფასი და ბაგა-ბაღებში მომუშავეებს 70 ლარი ხელზე ასაღები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი და ხალხის დაცინვა. მომავალი წლის ბიუჯეტმა 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აქედან 35% მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას შეადგენს, რაც ძალიან მაღალია. ეს იმ ბიუჯეტუიდან, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ აქვს თავისი. იმის გამო, რომ ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, სხვა საკითხების გათვალისწინება უკვე შეუძლებელია. მე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ჩემი თავის და ამომრჩევლების წინაშე და აუცილებლად აუცილებლად წარვადგენ ჩემს შენიშვნებს ბიუჯეტთან დაკავშირებით და საკრებულოს მოვთხოვ მის გათვალისწინებას”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბაბაკიშვილმა.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ აუცილებელია ადგილობრივმა თვითმმართველობამ არასამთავრობო სექტორთან ერთად სოფლებსა და ქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად იმუშავოს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის“ წარმომადგენელი ნანა ბაგალიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმინობაში მოქალაქეების ნაკლები ჩართულობის პრობლემაზე მიუთითებს.
,,მე ვესწრებოდი მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას, სამწუხაროა რომ მოქალაქეები არ ესწრებოდნენ. ამიტომ, ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშაა სრულად მორგებულია თუ არა მათი ინტერესი 2018 წლის ბიუჯეტში. მოქალაქეთა ძალიან დაბალი ჩართულობა ჩვენი ორგანიზაციის გამოწვევაცაა და კიდევ უფრო მეტი გამოწვევაა თვითმმართველობისთვის. სანამ მოქალქეებს არ მივაწვდით ინფორმაციას სათანადოდ, მანამდე ილუზიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება გვექნება. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რაც ჩვენი სოფლების კულტურული თუ საგანმანათლებლო ცხოვრებისთვის უკეთეს შედეგებს მოიტანს”, – განუცხადა Knews.ge-ს ნანა ბაგალიშვილმა.
ადგილობრივი მოსახლეობა კი ხელისუფლებას მოუწოდებს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და სოციალური სფეროს მიმართულებით გამოიყოს.