პანკისში დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
გორნაკაშვილის ადვოკატი ირაკლი ბენია მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე სასამართლო პროცესი ცალკე ჩატარდა. მისივე ინფორმაციით, გორნაკაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებს.
”საქმის მასალებში არსებობს სხვადასხვა სახის მტკიცებულება. თუმცა, ვთვლი, რომ მტკიცებულებები არ იძლევა საფუძველს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მონაწილეობდა ამ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. ზურაბ გორნიკაშვილი დაკავებამდე რამდენჯერმე, მათ შორის, მოწმის სახითაც დაკითხეს. მან გამოძიებას ბრალდებულის სახითაც მისცა ჩვენება, თუმცა მის შინაარსზე ვერაფერს ვერ გეტყვით”, – განუცხადა knews.ge–ს ირაკლი ბენიამ.
დანარჩენი სამი დაკავებულის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ორი დღის წინ ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ტემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის ინფორმაციით, შესაძლოა მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ წარუდგინონ.