პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილ ახალგაზრდას შესაძლოა ბრალი არ წაუყენონ
როგორც knews.ge–ს მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ დრომდე ბრალი ოფიციალურად არ წაუყენეს.
“გუშინ თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალი არ წაუყენეს. გუშინ თელავის რეფერალურ საავადმყოფოსთან მოხსნეს დაცვა, რომელიც ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. შესაძლოა საგამოძიებო ორგანომ რაღაც მტკიცებულება საეჭვოდ მიიჩნია და ამ ოჯახში გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე შევიდნენ. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე შესაძლოა ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ წაუყენონ“, – განუცხადა knews.ge–ს ცირა ჯავახიშვილმა.
ადვოკატის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპირებდა სახაზინო ადვოკატის საშუალებით მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი წაეყენებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან საგამოძიებო ორგანოს ორდერი ჩააბარა და მოითხოვა, რომ მის გარეშე არავითარი საპროცესო მოქმედება არ ჩაეტარებინათ, სუს-მა ბრალის წაყენება გადაიფიქრა.
„სუსი ახლა უარყოფს, რომ საერთოდ ბრალი წარუდგინა მაჩალიკაშვილს. არადა ოფიციალურ ვებგვერდზე დღემდე არის ინფორმაცია, რომ დაკავებულია 5 პირი, მათ შორის ტემირლან მაჩალიკაშვილი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაკავებულს 48 საათის მანძილზე აუცილებლად უნდა წარდგენოდა. მას ბრალი ალბათ იმის გამო არ წაუყენეს, რომ საქმეში მე ჩავერთე და გუშინ გადავიღე, როგორ ჩავაბარე ორდერი სუს-ში. როდესაც ჩავაბარე ორდერი, მე კატეგორიულად მოვითხოვე ამ საქმეში ჩემ გარდა სახაზინო ადვოკატი არ ჩაერთოთ. ღამე გავიგე ის, რომ საქმეში ჩართეს სახაზინო ადვოკატი, გაუცვლიათ მტკიცებულება და მაჩალიკაშვილისთვის წაუყენებიათ ბრალი. დილითვე გამოვაქვეყნე ცანაწერი, როგორ წარვადგინე სუსში ორდენის. ამიტომ დღეს იძულებულები გახდნენ ეთქვათ, რომ თემირლანისთვის ბრალი არ წაუყენებიათ”, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ორი დღის წინ ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.