სტატიები

ევროკავშირმა საქართველოს 140 მილიონი ლარი გამოუყო

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, 2017 წელს რეფორმები მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარებას, პროფესიულ განათლებასა და დასაქმებას, სოფლის მეურნეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას. 

,,2017 წელს წინსვლა იყო შემდეგ სფეროებში – ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) მხარდაჭერა, დასაქმება, პროფესიული განათლება და ტრენინგი, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (ENPARD II), რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა და სხვა”, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა, როგორც სოფლის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. 

,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა კომპლექსური მიდგომით, ტურიზმი, გარემოს დაცვა. მხარს ვუჭერთ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან წამოსულ ინიციატივებს, თუ რისი განხორციელება სურთ საკუთარ ქალაქში. ჩვენ, ასევე, შეგვაქვს ჩვენი წვლილი და მხარს ვუჭერთ კოოპერატივების განვითარებასა და გაძლიერებას საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩვენი მხარდაჭერით 1500–მდე კოოპერატივი შეიქმნა. ჩვენ ადგილობრივ დონეზე კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისთვის გავარძელებთ მხარდაჭერას. გვინდა, რომ კოოპერატივებს ჰქონდეთ მდგრადი განვითარების ხედვა. ჩვენ, ასევე, გვინდა, რომ გავაგრძელოთ სოფლისა და სოფლის მეუნეობის კუთხით რეგიონში არსებული პროექტების მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება და მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება“, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ევროკავშირი სოფლის მეურნეობის მიმართულებით რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ენპარდის საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელის, თამარ ხუნწარიას განცხადებით, პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. 

,,ENPARD-ის მეორე ფაზა მოიცავს ბევრად უფრო ფართო საკითხებს ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოციალური და მუნიციპალური სერვისები, ასევე, მოსახლეობის ჩართულობისა და მათი თანამონაწილების საკითხები. მედია ტურის ფარგლებში გავეცანით ენპარდის საქმიანობას კახეთში. მოვინახულეთ ევროკავშირის, კერძოდ, ენპარდის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო და ასევე, სოფლის განვითარების პროექტები. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში მიმდინარეობს 2013 წლიდან. ენპარდის მეორე ფაზა საკმაოდ კომპლექსური და მრავალკომპონენტიანია,“ – განუცხადა Knews.ge-ს ხუნწარიამ.

მისივე ინფორმაციით, ENPARD-ის მესამე ფაზა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, სოფლის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.