იანვრიდან ელექტროენერგიის საფასური კახეთშიც მოიმატებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით,2018 წლის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი 1 კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს.
“საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დაადგინა: 101 კვტ საათის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად 12 თეთრისა, განისაზღვრა 14 თეთრით. ასევე 101 კილოვატიდან 301 კვტ. საათის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16 თეთრისა, განისაზღვრა 18 თეთრით, ხოლო 301 კვტ საათიდან მომხმარებლები კი 21 თეთრის მცავლად განისაზღვრა 22 თეთრს გადაიხდიან. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 14 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე – 16 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე – 21 თეთრს. ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება”, – განაცხადეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა.
თელაველების განმარტებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის გადახდას ვერ შეძლებს.
,,ყველაფერი გაძვირდა და ახლა ელექტროენერგიის გაძვირება მართლაც ცუდი გადაწყვეტილებაა. ცოტა ხნის წინ გაიზარდა გადასახადი და იანვრიდან კიდევ უნდა გაიზარდოს. მოსახლეობის უმეტესობას სურსათზე ფასების გაზრდის გამო სახლში საჭმელი არ აქვს და ახლა ელექტროენერგიის გარეშე დარჩებიან, რადგან ვერ გადაიხდიან გაძვირებულ გადასახადს”,- განუცხადეს knews.ge–ს თელაველებმა.
გარდა ელექტროენერგიისა, შესაძლოა 2018 წლიდან წყლის გადასახადიც გაიზარდოს. წყალმომარაგების ტარიფების საკითხზე დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იმსჯელებს.