სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდა ისევ ღრმა კომატოზურ მდგომარეობაშია
როგორც knews.ge–ს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება და მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.
„თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საკმაოდ მძიმეა. ამ ეტაპზე ახალგაზრდას ოპერაციის შემდგომი გართულებები არ აღენიშნება. მისი ჯანმერთელობის მდგომარეობის პროგნოზირება რთულია“, – განუცხადა knews.ge–ს ხათუნა ჭონიაშვილმა.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ორი დღის წინ ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. მაჩალიკაშვილის დაჭრა გააპროტესტა გუშინ, დუისის ცენტრში, შეკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ისინი ითხოვენ პასუხს ხელისუფლებისგან, რატომ ესროლეს სპეც დანიშნულების რაზმის წევრებმა 19 წლის მძინარე თემირლან მაჩალიკაშვილს. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.