ახალი ამბები

ომბუდსმენი პროკურატურას პანკისის სპეცოპერაციის ოპერატიულად გამოძიებისკენ მოუწოდებს

,,გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშრებით ურთიერთგამომრიცხავია, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას, არ დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას ლეგიტიმურად მიაჩნდეს. მნიშვნელოვანია, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის პროცესში დაცული იყოს ასევე, მოქალაქეთა – სავარაუდო ეჭვმიტანილთა უფლებები. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები ხელს არ შეუწყობს სამართალდამცველთა მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას”, – ღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გუშინ გამთენიისას ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მაჩალიკაშვილს ნეიროქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ისევ საკმაოდ მძიმეა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

როგორც knews.ge–ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ტემირლან მაჩალიკაშვილი მართვით სუნთქვაზე რჩება.