ახალი ამბები

“ალტერ ეგო”, სავარაუდოდ, თელავის 2018 წლის ბიუჯეტიდანაც დაფინანსდება

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და “ალტერ ეგოს” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარები ესწრებოდნენ. თელავის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ალტერ ეგოს პროექტი “საჭირო და სასურველი“ 2017 წლის ბიუჯეტიდან ფინანსდება. გიორგი ენუქიძის განცხადებით, ორგანიზაციის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც გაგრძელდება. 
“თელავის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროქტი 2017 წელს დააფინანსა. მუნიციპალიტეტი მზადაა შესაბამისი თანხა 2018 წლის პროგამულ ბიუჯეტშიც გაითვალისწინოს, რათა ორგანიზაციამ შეძლოს უფრო მეტი ბენეფიციარების მიღება და აღნიშნული სერვისის მიწოდება” – განუცხადა knews.ge–ს გიორგი ენუქიძემ. 
„ალტერ ეგოს“ წევრის, ნათია მექვაბურის განცხადებით, ორგანიზაცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ახლო მომავალში სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას გეგმავს. 
ძალიან მოხარულები ვართ, რომ ყველა დაინტერესდა აღნიშნული საკითხით. თელავის თვითმმართველობამ გამოთქვა მზაობა და სურვილი, დაეხმაროს ორგანიზაციას. ვიმედოვნებთ, რომ მალე განხორციელდება დაგეგმილი აქტივობები, რომლებსაც ჩვენი ორგანიზაცია და თვითმმართვლობა ერთად განახოციელებს”, – აღნიშნა ნათია მექვაბურმა. 
პროექტ “საჭირო და სასურველის” ძირითადი ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი. პროექტი, ასევე, ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და არბაითერ სამარიტერ ბუნდის დაფინანსებით.