პანკისის უხუცესთა საბჭოსთვის სპეცრაზმის რადიკალური ქმედებები მიუღებელია
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ, ზაურ გუმაშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წესრიგის დამყერებას, მაგრამ მიუღებელია სპეციალური დანიშნულების რაზმის რადიკალური ქმედებები.
„ჩვენ, პანკისის ხეობის მაცხოვრებლები, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ქართული ძალოვანების მიერ ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას. შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების პრეროგატივაა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ამ თვალსაზრისით გატარებული ღონისძიებების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ჩვენ უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად ერთი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, – განაცხადა ზაურ გუმაშვილმა.
ისინი ხელისუფლებას გამოძიების ობიექტურად წარმართვისკენ მოუწოდებენ.
„გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს და სწორ მიმართულებას მისცემს არნიშნულ საგამოძიებო პეოცესებს“, – აღნიშნა გუმაშვილმა.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გუშინ გამთენიისას ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მაჩალიკაშვილს ნეიროქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ისევ საკმაოდ მძიმეა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც knews.ge–ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ტემირლან მაჩალიკაშვილი მართვით სუნთქვაზე რჩება.