პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდა ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც knews.ge–ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ტემირლან მაჩალიკაშვილი მართვით სუნთქვაზე რჩება.
„დაჭრილის მდგომარეობა არ გაუარესებულა. ტემირლან მაჩალიკაშვილი ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ის ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საკმაოდ მძიმეა“, – განუცხადა knews.ge–ს ხათუნა ჭონიაშვილმა.
ტემირლან მაჩალიკაშვილს ნეიროქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გუშინ გამთენიისას ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.