ახალი ამბები

სპეცოპერაციისას პანკისში დაკავებულ პირებს ბრალს დღეს წაუყენებენ

ყველა მათგანი მოდულის შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. დღის ბოლოს ისინი ადვოკატებმა მოინახულეს. ერთ-ერთი დაკავებულის, ბადურ ჩოფინაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს ინფორმაცია, რატომ დააპატიმრეს და რას ედავება გამოძიება. მზია ბარბაქაძის განცხადებით, ბადურ ჩოფინაშვილი დანაშაულ არ აღიარებს და აჰმედ ჩატაევთან და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის სხვა მონაწილეებთან კავშირის გამორიცხავს. 
„ბადრი ჩოფანაშვილი მოვინახულე. ის მეკითხებოდა, რატომ არის დაკავებული. ის ძალიან გაკვირვებულია მომხდარით. ჩოფანაშვილი კატეგორიულად უარყოფს ჩატაევის ნაცნობობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებით, სურვილიც რომ ჰქონოდა ჩატაევის დახმარების, როგორ დაეხმარებოდა მას, რა წვდომა ჰქონდა საზღვარზე“, – განაცხადა მზია ბარბაქაძემ. 
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გუშინ გამთენიისას ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.