სტატიები

ფაროსანას შემოსევის საშიშროება კახეთსაც ემუქრება

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მწერი კახეთში გაზაფხულე გამრავლდეს და ფაროსანამ ყურძენი, ხორბალი, სიმინდი და სხვა კულტურები გაანადგუროს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ გამოზამთრების შემდეგ მწერი აპრილის ბოლოდან უკვე დაიწყებს შეჯვარებას და გამრავლებას. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებები ინტენსიურად დადიან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და შესაძლოა მწერის გავრცელება ამ ფატორმაც გამოიწვიოს.
“ფაროსანები იზამთრებენ ყველგან, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებში და არ არის გასაკვირი, რომ გადმოვიდნენ. ერთეული შემთხვევები ყველგან იქნება, შემოსევა არ არის, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის გამო ფაროსანა ყველგან იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად და ფაროსანას დასაფიქსირებელად 1200 მოწყობილობა განთავსდა კახეთში. თუ რა ღონისძიებები უნდა გაატარონ ფერმერებმა ამის შესახებ ჩვენ შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩავატარებთ”, – განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.
სოფლის მეურნეობის ექსპერტების ინფორმაციით, ერთი მწერი საშუალოდ 250 კვერცხს დებს და ძალიან სწრაფად მრავლდება. სოფლის მეურნეობის მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე მიუთითებს, რომ აზიურ ფაროსანას დღე-ღამის განმავლობაში 100 კილომეტრის გადაფრენა შეუძლია, რის გამოც მისი გადაადგილებისა და გავრცელების გაკონტროლება საკმაოდ რთულია. 
,,აღმოსავლეთ საქართველოს ემუქრება ფაროსანას შემოსევის საშიშროება. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ არ გავრცელდეს აღმოსავლეთ საქართველოში. თუ არ გატარდა პრევენციული ღონისძიებები, კახეთში მეტია ხილი და მთლიანად განადგურდება. ზარალი იქნება დიდი’’,– ამბობს გურამ ალექსიძე.
გაზაფხულიდან კახეთში ფაროსანას მასიურად გავრცელებას არ გამორიცხავს გარემოს დაცვის საკითხებში ექსპერტი კახა სუხიტაშვილი. ის მოუწოდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ და მოსახლეობის დროული ინფორმირებიკენ. 
,,კახეთში ფაროსანას მასიური გავრცელება სრულიად შესაძლებელია, ვინაიდან თხილის და სიმინდის კულტურა, რომელიც დასავლეთში გაანადგურა მწერმა, აქაც საკმაოდ არის გავრცელებული. ასევე ჩვენ არ ვიცით, კიდევ რომელ კულტურებზე შეუძლია მას სიცოცხლე. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ვაზზეც. ჩვენ ამ ეტაპზე ამის შესახებ არაფერი ვიცით, ამიტომ პირველ რიგში საჭიროა გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინიტრომ მკაცრი მონიტორინგი დააწესოს ამ მიმართულებით და მოსახლეობასაც თავის დროზე მიაწოდოს, როგორც თეორიული ინფორმაცია, ასევე მასთან ბრძოლის საშუალებები. ფაროსანა საქართველოში სულ იყო მცირე რაოდენობით და წელს მასობრივად გავრცელდა. მწერი დიდი რაოდენობით რუსეთიდან შემოვიდა’’,– განუცხადა knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია კი პრობლემების თავიდან ასაცილებლად სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს და ადგილობრივვ თვითმმართველობებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს.
,,მიმდინარეობს სიტუაციის მუდმივი მონიტორნგი და კახეთში ჯერ არ არის დაფიქსირებული ცალკეული შემთხვევების გარდა, რომელსაც ზარალი არ მოყოლია. ვფიქრობ, აუცილებელია სამინისტროების ერთობლივი მუშაობა, რომ ერთად ვებრძოლოთ მავნებელ მწერს. გარდა ამისა, მე მივმართავდი ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ ფაროსანას დაფიქსირების შემთხევაში თავად იზრუნონ ლოკალურად პრობლემის მოგვარებაზე და სამინისტროს არ დაელოდონ’’– განაცხადა ოთარ დანელიამ. 
შესაბამისი პრეპარატებით მცენარეების დროულად დამუშავების აუცილებლობაზე საუბრობენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და მოსახლეობა. ადგილობრივი ჩინოვნიკების ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა, მწერის შემოსევის შემთხვევაში, პირველადი პრევენციული ღონისძიებები გაატაროს.
,,ჩვენ ნებისმიერი მწერის შემოსევას ვუმკლავდებოდით და მომავალშიც გავუმკლავდებით. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს გასულ წლებში ჯერ შემოესია კალია, შემდეგ თაგვი და მცენარეებს მოედო ბუგრი, რომელიც მოსავალს ანადგურებდა. ჩვენ გავატარეთ პრევენციული ღონისძიებები და ოპერატიულად ვიმოქმედეთ დიდი ზარალის თავიდან ასაცილებლად. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მოსახლეობა და ფერმერები ერთად ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ. საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით და მზად ვართ არსებული ცოდნა და გამოცდილება ნებისმიერ მუნიციპალიტეტს გავუზიაროთ’’,– განუცხადა knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერის მოადგილემ, მალხაზ მერაბიშვილმა. 
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია აზიური ფაროსანას განადგურებისთვის და პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად შეიქმნას სპეციალური ჯგუფები, რომლებიც, მწერის გავრცელების შემთხვევაში, მისი განადგურებისთვის აქტიურად იმუშავებენ.
,,სახელმწიფომ ფაროსანას ფიზიკური განადგურებისათვის საბიუჯეტო სახსრები უნდა გამოყოს და შეიქმნას სპეციალური ბრიგადები, რომლებსაც მიეცემათ ხელფასი მწერის ფიზიკური განადგურებისათვის. აზიური ფაროსანა ჯერ კიდევ ახალია ჩვენთვის და ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არც კომპეტენტურ ორგანოებს არ აქვთ. მავლებლის გასანადგურებლად შხამით შეწამვლის მომხრე არ ვარ, რადგან შეიძლება დიდი ეკოლოგიური ზარალი ვნახოთ, რადგან ამან შეიძლება ფრინველის, ფუტკრის და სხვა მწერების განადგურება გამოიწვიოს’’,– განუცხადა Knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრმა, მაია ბიძინაშვლმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტიდან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 35 მილიონი ლარი გამოიყო. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მავნებელთან ბრძოლისთვის 360 ტონა პრეპარატის შეძენაა დაგეგმილი.
,,2018 წლისთვის გავითვალისწინებთ ყველა იმ გამოცდილებას, რომელიც ამ კუთხით დაგროვდა. სამომავლო ღონისძიებები იქნება აბსოლუტურად ადეკვატური იმ გამოწვევასთან დაკავშირებით, რომელიც აზიურ ფაროსანასთან მიმართებაში გვაქვს. ჩვენ დავინახეთ, რომ სეზონის ბოლოს, აზიური ფაროსანა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველაზე უფრო უარესი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად გვექნება მობილიზებული შესაძლებლობები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. სწორედ ამისთვის, პირველი ამოცანა, რაც სამინისტროს წინაშე დგას, ეს არის ფიტოსანიტარული სამსახურის გაძლიერება. ფაქტობრივად საჭიროა მთლიანად გადაირაღება, ახალი ტექნიკით აღჭურვა, დამატებითი ტექნიკური საშუალებების მობილიზება, მათ შორის რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსების. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ბიუჯეტმა დამატებით გამოყო 2017 წლის ბოლოს 35 მილიონი ლარი. ვფიქრობთ, რამდენიმე ასეულ ათას ჰქტართან მოგვიწევს შეხება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის პრეპარატი მოვიმარაგოთ. დაახლოებით 360 ტონა პრეპარატის შეძენაა დაგეგმილი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.