პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა ისევ მძიმეა
ნეიროქირურგიული ოპერაცია დაახლოებით სამ საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც knews.ge-ს თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, 19 წლის ტემირლან მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.
„ოპერაციამ გართულებები გარეშე ჩაიარა. ამ დროისთვის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. წინასწარ ვერ ვიტყვით, გაუმჯობედება თუ არა მისი მდგომარეობა. დაჭრილს უტარდება ოპერაციის შემდგომო მკურნალობა“, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჭონიაშვილმა.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.
სუს-ის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რომლის დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამართალდამცავებმა ბრალდებულს ესროლეს, რის შედეგადაც მან თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება.