თელავის უნივერსიტეტს არაგეგმიურად შეამოწმებენ
„განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტებში იწყება არაგეგმიური შემოწმება. ჩვენც ველოდებით, რომ სამინისტროს წარმომადგენლები მოვლენ და ჩაატარებენ არაგეგმიურ შემოწმებას. მათ შესაძლოა შეამოწმონ სასწავლო პროგრამები. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია როდის შეამოწმებენ უნივერსიტეტს“, – განუცხადა knews.ge–ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო კახაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება დაიწყება. მიხელ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც ავტორიზაციის პირობებს ვერ აკმაყოფილებენ, სტუდენტების მიღება აეკრძალებათ.
„ჩვენი სამინისტროს მთავარი საზრუნავი იქნება უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი. აქედან გამომდინარე, დაიწყება არაგეგმიური შემოწმება უნივერსიტეტების ხარისხთან მიმართებაში, ავტორიზაციის კუთხით. იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ავტორიზაციის პირობებს, შეუწყდებათ სტუდენტების მიღება. მათ მიეცემათ საშუალება, გამოასწორონ სიტუაცია. იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც სიტუაციის გამოსწორებას ვერ შეძლებენ, სტუდენტების მიღება აეკრძალებათ. სახელმწიფომ სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, მშობლებს, აბიტურიენტებს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.