გადაცემა P.S- ში გასულ სიუჟეტს გურჯაანის მერია ეხმაურება
სიუჟეტი ეხება ქალაქ გურჯაანისა და სოფელ ზიარის დამაკავშირებელ გზასა და მერის მოადგილეების უწინდელ სამუშაო პოზიციებს გურჯაანის გამგეობაში. გურჯაანის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების მტკიცებით, სიუჟეტში დასახელდა რამდენიმე ფაქტი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების განმარტებით, პირველი საკითხის განხილვისას რუსთავი 2-ის სიუჟეტის შინაარსში დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომები.
„2015 წლის სექტემბერში გამოცხადდა ტენდერი სოფელ ზიარისა და ქ.გურჯაანის დამაკავშირებელი გზის რებილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ: შპს “არქიტრავი-XXI”, ჰიდროგეოდეზიური ცენტრი და შპს „ხალი“. ვაჭრობის შედეგად ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ხალი“, რომლის შეთავაზებული წინადადებაც 22 349 ათას ლარს შეადგენდა. როგორც მოგეხსენებათ, საჯარო პროექტების განხორციელებისთვის, თავდაპირველად საჭიროა საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა, მისი წინასწარ მომზადება და დეტალური ხარჯთაღრიცხვის შედგენა, რათა საბიუჯეტო თანხები გეგმაზომიერად და სწორად დაიხარჯოს. შპს „ხალმა“ ტენდერით გათვალისიწინებულ ვადებში გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა შეადგენა და დამკვეთს წარუდგინა. ინფრასტრუქუტურული პროექტის საერთო ღირებულებამ 800 000 ლარი შეადგინა. 121 გვერდიან დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი სარეაბილიტაციო უბნებსა და მონაკვეთებზე ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, ეს არის საჯარო ინფორმაცია და მისი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია შემდეგ ლინკზე:https://goo.gl/wPuhfv “, – ნათქვამია გურჯაანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2018 წლიდან გურჯაანის მერია გეგმავს დამატებითი თანხების მობილიზებისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებას, რათა გურჯაანი-ზიარის გზის რეაბილიტაცია უმოკლეს ვადებში განხორციელდეს.
რუსთავი 2-ზე P.S- ში გასული სიუჟეტის მიხედვით, გურჯაანისა და სოფელ ზიარის დამაკავშრებელი გზის დაპროექტებაზე მუნიციპალიტეტმა 22 000 ლარი დახარჯა, თუმცა გზის რეაბილიტაცია არ განხორციელდა. სიუჟეტში, ასევე, საუბარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელზე და გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარეზე. P.S-ის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე იყო შიდა აუდიტის ყოფილი უფროსი, რომელიც დარღვევებს 4 წელი მალავდა, გამგებელმა კი თავის მოადგილედ დანიშნა. გურჯაანის მერიაში ამ ინფორმაციასაც უარყოფენ.
როგორც Knews.ge-ს გურჯაანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, მერის ორი მოადგილიდან არცერთი არ მუშაობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესებამება სიმართლეს.