სტატიები

ქალები ფინანსური რესურსების მიღმა

ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქართველო ცდილობს გარკვეული ღონისძიებების გატარებას გენდერულად თანასწორო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, საკანონმდებლო ბაზა გამართულია, მაგრამ არაეფექტური. ამასთანავე სიღარიბე და უმუშევრობის მასშტაბები ქალებს ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში ამყოფებს.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება – ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა

კავშირ “საფარის” მიერ ჩატარებული კვლევის მიზანია საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმულირების ხელშეწყობა. კავშირ საფარის წარმომადგენლის, კრისტინა მარგველაშვილის ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მთავარ გამოწვევას ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მარგველაშვილი მიუთითებს, რომ, ამასთანავე, ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა და ინსტიტუციური მექანიზმები არაეფექტურია.

“მთავარი მიგნება არის ის, რომ დღეს საქართველოში ქალებს ფინანსებზე ნაკლები ხემისაწვდომობა აქვთ, ისინი არ ფლობენ მატერიალურ რესურსს. აუცილებელია რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, იცოდნენ რა უნდათ და ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ ისინი ფულს ფლობენ გადაწყვეტილება მიიღონ დამოუკიდებლად. საქართველოში ქალების 42% ეკონომიკურად არააქტიურია. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არანაირად არ არიან ჩართულები მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებაში. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ თუ ქალები იქნებიან ჩართულები ეკონომიკურ საქმიანობაში, ისინი გარკვეულ პროცენტს შეიტანენ მთლიან შიდა პროდუქტში”, – განუცხადა knews.ge-ს ქრისტინე მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის აზრით, აუცილებელია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას მთავრობამ სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭოს.

“ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მინიჭება აუცილებელია, რადგანაც სახელმწიფო ადამიანურ რესურსებს ეფექტურად ვერ გამოიყენებს, თუ წლიდან წლამდე ეკონომიკურად არააქტიური და დაუსაქმებელი მოსახლეობის უმეტესობა ქალი იქნება”, – ამბობს მარგველაშვილი.

კავშირ “საფარის” მკვლევარი გიორგი ურჩუხიშვილი კი ყურადღებას ამახვილებს ქალებთან დაკავშირებული ეკონომიკური სტერეოტიპების დამსხვრევის აუცილებლობაზე.

“საზოგადოებამ უნდა გაითავისოს ის ფაქტი, რომ ქალებიც შეიძლება იყვნენ ოჯახის მარჩენალები. ხშირ შემთხვევაში ქალები ინახავენ ოჯახს, მაგრამ ეს ფაქტი იმალება ხოლმე და კაცებს მიაწერენ ოჯახის მარჩენალისს სტატუსს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კაცები არ მუშაოებენ და ქალები ინახავენ ოჯახს. სირცხვილი კაცის უმუშევრობა და კაცის დასაქმება. ამიტომ პირველ რიგში ამაზე უნდა ვისაუბროთ. შესაძლოა ადამიანებს არ მოეწონოთ, რომ ისინი არიან ეკონომიკური მითების მსხვერლი”, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი ურჩუხიშვილი.

მთავრობის პოლიტიკა

კავშირ “საფარის” მკვლევარი ქარისტინა მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არ წარმოადგენს სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ნაწილს. მარგველაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ განუხორციელებია არც ერთი პროგრამა, რომლის მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება იქნებოდა.

“ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი 2014 წელს შემუშავებული საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020-ია, რომელიც მალევე, 2016 წელს, ჩანაცვლდა ახალი ე. წ. მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმით “თავისუფლება სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა”. 2014 წელს მიღებული სტრატეგია გენდერულად სტერილური იყო, სადაც გენდერული უთანასწორობა ნახსენები საერთოდ არ იყო, თუმცა ამ დოკუმენტისგან განსხვავებით, 2016 წელს მიღებული სამთავრობო პროგრამა მეტად ინკლუზიურია და მისი მიზანია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ეკონომიკური განვითარების მთავარ ამოსავალ წერტილად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს, რომელიც აუცილებლად გულისხმობს ადამიანური რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას გულისხმობს. როგორც სტრატეგიული დოკუმენტი ოთხპუნქტიანი გეგმა წინ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია, თუმცა მიზნების შესრულების მხრივ დოკუმენტში ეფექტურ მექანიზმები არ არის გაწერილი”, – აღნიშნავს მარგველაშვილი.

გიორგი ურჩუხიშვილი მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში არსებული პოლიტიკის დოკუმენტებს შორის მხოლოდ ერთი, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების სრატეგია, განსაზღვრავს ამოცანების და პასუხისმგებელი პირების დონეზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებებს.

“ამ სტრატეგიაში მხოლოდ ერთ პრიორიტეტშია გაწერილი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო ქმედებები. პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორებიც არის ფინანსებზე ხელმისწვდომობა, ინოვაცია და კვლევები, საერთოდ უგულებელყოფილია ეს საკითხი. ეს განსაკუთრებით არასახარბიელოა იმ ფონზე, როდესაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის არსებითია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და სტერეოტიპული სფეროებიდან მაღალშემოსავლიან სფეროებში გადანაცვლება”, – აღნიშნავს ურჩუხიშვილი.

გენდერული დისბალანსი სახელმწიფო პროექტებში და სოფლად მცხოვრები ქალები

სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ სოფლის მეურნეობის პროექტებში აშკარად შეიმჩნევა გენდერული დისბალანსი. კავშირ “საფარის” კვლევაში აღნიშნულია, რომ 2015 და 2016 წლების მონაცემებით, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გაცემული გრანტების ბენეფიციართა 40% ქალია, თუმცა ქალებს პრივილეგია აქვთ მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზესში.

“როდესაც საუბარია დიდი მოცულობის გრანტებსა და საწარმოებზე, იქ ქალები თითქმის საერთოდ არ არიან წარმოდგენილები. კერძოდ აწარმოე საქართველოს ინდუსტრიული და სასოფლო სამეურნეო კომპონენტი მოიცავს მხოლოდ რამდენიმე ათეულ საწარმოს, აქედან ჩვენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან გამოვითხოვეთ სასოფლო სამეურნეო კომპონენტში დაფინანსებულ საწარმოთა ჩამონათვალი. 17 დაფინანსებული საწარმოდან დირექტორთა საბჭოს და დამფუძნებელთა სრული უმრავლესობა კაცია. მხოლოდ ორ ქალს უკავია მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ით განსაზღვრავს. ქალთა ეკონომიკური აქტივობა ვერ ცდება მენეჯმენტის საშუალო რგოლს, მაღალ პოზიციებზე კი კაცების სრული დომინირება შეინიშნება”, – ამბობს ქრისტინე მარგველაშვილი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობაშიც ქალთა ნაკლები ჩართულობა შეინიშნება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1538 კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც 13677 პირია გაერთიანებული, აქედან ქალი მხოლოდ 3674-ია.

“3674 ქალიდან კოოპერატივის თავმჯდომარე მხოლოდ 307 ქალია, დანარჩენი ქალები მხოლოდ მეპაიეები არიან. კოოპერატივების პროგრამაში ჩართული ქალებიდან მხოლოდ 8%-ს უჭირავს წამყვანი პოზიცია. რაც შეეხება ისეთ კოოპერატივებს, სადაც ყველა წევრი ქალია, ასეთი 61 კოოპერატივია დარეგისტრირებული, რომელშიც 389 ქალი ერთიანდება”, – ნათქვამია კავშირ “საფარის” კვლევაში.

სოფლად მცხოვრები ქალები

სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის. 2017-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიაში საუბარია სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების აუცილებლობაზე. ქრისტინე მარგველაშვილი ამასთანავე აღნიშნავს, რომ სრატეგიაში, სადაც სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაციაზეა საუბარი, არ არის ნახსენები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საჭიროება და მათი მეტად ჩართულობის აუცილებლობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო კომპონენტი არ არსებობს. ეს იმ ფონზე, როდესაც სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურად გააქტიურება მწვავე საკითხია”, – ამბობს მარგველაშვილი.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის გათვალისწინებულ პროექტებში, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარების სააგენტო ახორციელებს, ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები. კვლევის მიხედვით, მდედრობითი სქესის ყველაზე მაღალი ჩართულობა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტშია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მცირებიუჯეტიანია.

“ქალი ბენეფიციარების ყველაზე დიდი ჩართულობით გამოირჩევა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, სადაც ქალი ბენეფიციარების რაოდენობა არის 33.7%. ყველაზე დაბალი მონაწილეობის მაჩვენებელი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს აქვს, სადაც ქალები ბენეფიციართა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 7.3%-ს შეადგენენ. აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევის პროგრამაში 41631 ბენეფიციარიდან მხოლოდ 10853 ქალია, ხოლო პროგრამის „დანერგე მომავალში“ ბენეფიციართა 18.3% ქალია. რაც შეეხება რეგიონების მონაცემებს, კახეთში სოფლის მეურნეობისნ პროექტების განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებში მონაწილე ქალ ბენეფიციართა რაოდენობა 2751-ია”, – აღნიშნულია კვლევაში.

სახელმწიფო პროექტებში გენდერულ დისბალანსს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე. ირინე ფხოველიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროგრამებში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელთა მიზანი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა იქნება.

“დიდ ბიუჯეტიან პროექტში რომ მონაწილეობა მიიღოს, იქ არის თანადაფინანსების პროცენტი გადასახდელი. ეს არის 20 პროცენტი საკმაოდ მაღალი, რომელსაც ვერ შეძლებს ქალი, რომ გააკეთოს. თუ მეორე, მესამე ეტაპის აგრო კრედიტს აიღებს, მას უნდა ჰქონდეს საგირავნო ძალიან დიდი ქონება, რომელიც არ აქვს მას. ამიტომ ის ცდილობს, რომ აიღოს მცირე გრანტი, რომელსაც არ სჭირდება ძირითადი ქონება და ვიღაც თავდებით ჭირდება ამ შემთხვევაში. ეს არის სახელმწიფო პროექტებში ქალების ნაკლები ჩართულობის მიზეზი. ამიტომ ვამბობთ, რომ აუცილებელია გადაიხედოს სახელმწიფო პროგრამები გენდერულ ჭრილში”, – ამბობს ირინა ფხოველიშვილი.

რეკომენდაციები

კვლევის ავტორები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ. ექსპრტები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამები, რომელიც ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული და მდედრობითი სქესის ეკონომიკურ გაძლიერებას დაისახავს მიზნად.

“ქალთა ეკონომიკური გაძლიერების განყენებულად განხილვა პოლიტიკური გაძლიერების თუ სოციალურ-კულტურული ცვლილებების პროცესისგან არასწორი იქნება. სწორედ ასეთ კომპლექსურ მიდგომას უნდა ემყარებოდეს პროცესში ჩართული ნებისმიერი აქტორის პოზიცია. სოფლის განვითარების სტრატეგიაში უნდა გაიწეროს ქალთა ეკონომიკური გააქტიურება, პროფესიული უნარჩვევების გაზრდის გზით, ხოლო შინამეურნეობის მართვაში – ქალთა მონაწილეობის გაძლიერების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სოფლად მცხოვრები ქალები უნდა გაძლიერდნენ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სპეციფიკური პროგრამის საფუძველზე, რომელსაც კომპლექსური მიდგომა ექნება და დაფარავს სოფლად მცხოვრები ქალების ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. რეკომენდებულია „აწარმოე საქართველოს“ ინდუსტრიულ კომპონენტში ქალების ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფა და წახალისება, კერძოდ, კომპანიების შერჩევისას, კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე გენდერულ ბალანსზე ყურადღების გამახვილება. მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამაში თვისებრივი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური სარგებლის დათვლა და ქალების წილის გაზრდა სარგებლის გადანაწილებისას”, – ნათქვამია კავშირ “საფარის” კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯი ეს ფი გრუფის” დირექტორი გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა შეისწავლოს შრომითი ბაზარი, სადაც გამოიკვეთება ქალებისთვის საჭირო პროფესიები.

კომპლექსური პრობლემაა ის, რომ ქალები ნაკლებად არიან ჩართულბი როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში. ჩემი აზრით, საჭიროა შრომითი ბაზრის შესწავლა,  უნდა გამოიკვეთოს საჭირო პროფესიები განათლების სამინისტროს და სხვა უწყებების ეგიდით. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი. ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი ბაზარი და კერძო სექტორი ამ მიმართულებით არის მთავარი აპოლოგეტი. გარკვეული დონეზე სახელმწიფომ კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით უნდა შეიმუშავოს საკანონმდებლო რეგულაციები”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი კაკაურიძე.

ექსპერტები მთავრობას ურჩევენ, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაწყვეტის გზები საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ეძებოს.