დახლებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება გადავადდება
წარმოდგენილი კანონპროექტით, ფიზიკური და არარეზიდენტი პირები თავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით და სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასესხო ფასიან ქაღალდებზე პროცენტის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში შეღავათი გავრცელდება 2023 წლის 1 იანვრამდე გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე, ხოლო წილობრივ ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში ეს იქნება მუდმივი შეღავათი.
,,კანონპროექტით ცვლილებები ხორციელდება, ასევე, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში და 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად შეღავათები გაგრძელდება 2023 წლამდე. პროექტის შესაბამისად 2020 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება. ასევე, ბაზრობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება აღნიშნულ ვადამდე ეტაპობრივად განახორციელოს სტატუსის მიღება, საგადასახადო ორგანოსთვის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტზე ან/და სავაჭრო ადგილზე მოვაჭრე ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, იჯარით გაცემული არასტაციონარული სავაჭრო ობიექტების ან/და სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით სრულად უზრუნველყოფა, კანონპროექტით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად”,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.