ახალი ამბები

საქობოში მოყვანილი ზეთისხილი ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება

კომპანია “ქართული ზეთისხილის” მფლობელის, გიორგი სვანიძის განაცხადებით, ქართული ზეთისხილი ახლო მომავალში ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება. საწარმო, ასევე, გეგმავს პროდუქციის ამერიკაში, ამიერკავკასიისა და დსთ-ს ქვეყნებში გატანას.
,,ზეთისხილის საწარმოში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებია დანერგილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. საწარმოს წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სვანიძემ.
სოფელ საქობოში ზეთისხილის ბაღები 200 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც მოსავალი უკვე აიღეს. მოსავლის აღების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ.
ლევან დავითაშვილმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება. 
„საქართველოში ზეთისხილი ახალი კულტურაა და მნიშვნელოვანია, მისი პოპულარიზაცია მოხდეს, რადგან ძალიან მოთხოვნადია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. საქართველოს მრავალწლიანი კულტურების გაშენების დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო პროგრამას „დანერგე მომავალი“ ახორციელებს. ასეთი პროგრამები ხელს უწყობს საქართველოში ახალი მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, მეხილეობის დარგის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებით“ შეიქმნა. საწარმოში, რომელშიც 800 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია.