ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობები დაბალია
კვლევის შედეგების მიხედვით, ფორმალურ ეკონომიკაში დაახლოებით 40%-ით ნაკლებია დასაქმებული ქალების რიცხვი მამაკაცებთან შედარებით, ქალების ხელფასი კი 35%-ით დაბალია, ვიდრე მამაკაცების.
,,ჩვენი რეკომენდაციაა, გაძლიერდეს თანამშრომლობა მთავრობას, არასამთავრობო სექტორსა და ბიზნესს შორის არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ეს მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით იმისთვის, რომ საქართველომ შეიმუშავოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა.
მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების დაბალ მაჩვენებელი უკავშირდება გენდერული თანასწორობის მიმართულებით არასწორ სახელმწიფო პოლიტიკას.
,,კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით საქართველოში არაფერი გაკეთებულა. სახელმწიფო პროექტები არ ითვალისწინებს გენდერულ კომპონენტს ცალკე აღებულს. სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში, პრაქტიკულად, არ გვხდება სიტყვა „ქალი“. ეკონომიკაში ქალების ნაკლებობა უკავშირდება საქართველოში არსებულ გენდერულ უთანასწორობას“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია.
,,სიტუაცია ნელ–ნელა იცვლება. ქალი პოლიტიკაშიც უნდა იყოს, მეტი სიმშვიდე და შემწყნარებლობა იქნება. ის, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ქალსა და მამაკაცს ერთნაირი უფლებები და შესაძლებლობები აქვთ და ვერ ვიტყვით, რომ ერთს მეტი შეუძლია და მეორეს – არა”, –განმარტავს ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელი, ექსპერტი ქალთა საკითხებში ჯილდა ნიბლაძე.
მსგავსი კვლევა ჩაატარა საქართველოს ეკონიმისტთა ასოციაციამ. კვლევის ერთ–ერთი ავტორი მადონა კოტია მიიჩნევს, რომ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით აუცილებელია მდედრობითი სქესის წარმომადგენლების საინფორმაციო უზრუნველყოფა და ბიზნესკონსულატაციებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
„ხშირია შემთხვევები, როდესაც სამეწარმეო საქმიანობას იწყებენ ყველანაირი ფინანსური გათვლების, გაყიდვების გეგმის გარეშე და შედეგად იღებენ „ჩავარდნილ” საქმეს, რაც განაპირობებს პრინციპულ უარს სხვა სამეწარმეო საქმნიანობის დაწყებაზე. ამ კუთხით ეფექტინი იქნებოდა გარკვეული დარგობრივი ანალიზის ჩატარება და შესაბამისი ბაზრების შესწავლა, რომელიც რჩევას მისცემდა პოტენციურ მეწარმე ქალებს რა მიმართულებით იქნებოდა ფინანსურად ეფექტიანი საქმიანობის დაწყება, რა პროდუქტებსა და მომსახურებებზე არის მაღალი მოთხოვნა რეგიონების ჭრილში და ა.შ. ბუნებრივია, ამგვარი ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ ერთი ნაწილი უნდა იყოს ქალთა მეწარმეობის განვითარების კომპლექსური პროგრამის. აღნიშნული ინიციატივა ეფექტიანი იქნება თუ ქალებს ექნებათ ფინანსებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა; ასევე, უნარ-ჩვევების განვითარების და ბიზნესკონსულტაციების მიღების შესაძლებლობები“, – აღნიშნავს მადონა კოტია.
ის, ასევე, საუბრობს ქალებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზეც.
„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ქალი მეწარმეებისათვის დამატებით ბარიერებთან არის დაკავშირებული. ფინანსური ბაზარი შეზღუდულია ისეთი მეწარმეებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ / ან გააჩნიათ „გაფუჭებული” საკრედიტო ისტორია და ნაკლებად აქვთ დამატებითი გარანტიები. საქართველოში ასეთი მეწარმეების უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. მათ მეტად აქვთ დაფინანსების მიღების საჭიროება. თუმცა ქალისთვის რთულია სესხის ქონებით უზრუნველყოფა, როგორც მინიმუმ მამაკაცის ნებართვის გარეშე. საქართველოში, ქალი მეწარმეებისთვის უნდა გაიზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ამის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა ინიციატივების განხორცილებით, მათ შორის: ჩაიდოს ინვესტიცია (სახელმწიფო ფინანსები ან საერთაშორისო გრანტი) კომერციულ ბანკებში, რაც მათ საშუალებას მისცემს მეტი მოცულობის და შეღავათიანი სესხები გასცენ ქალ მეწარმეებზე; განხორციელდეს კვლევები და მოპოვებულ იქნას მტკიცებულებები, რაც დაასაბუთებს, რომ ფინანსური ინსტიტუტების მოგება და მდგრადობა გაიზრდება ქალი მეწარმეების სეგმენტის ათვისებით და მათთვის სპეციფიკურ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების შემოღებით“, – აცხადებს კოტია.