სტატიები

როგორ განისაზღვრება სიღნაღის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

სიღნაღის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე გადაუგზავნა. წარმომადგენლობით ორგანოში განმარტავენ, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი შენიშვნებით მერიას უკან უკვე დაუბრუნდა.
სიღნაღის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი სავარაუდოდ 7 მილიონამდე ლარი იქნება. სიღნაღის მერი, გიორგი გოგილაშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო იქნება. 
,,2017 წლის ბიუჯეტი 6086,7 ათასი ლარი იყო, მომავალი წლის ბიუჯეტიც დაახლოებით იგივე იქნება. ბიუჯეტის პრიორიტეტები იქნება ძირითადად ინფრასტრუქტურის და სოციალური სფერო, ასევე დიდი ყურადღება მიექცევა და ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა სპორტის და განათლების მიმართულებით. ვგეგმავთ სოციალური სფეროს დაფინანსების გაზრდას, თუმცა ჯერ არ ვიცით, რამდენი დაემატება თანხა. აქვე აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პრემია-დანამატებისთვის თანხა გათვალისწინებული არ იქნება, თუმცა შესაძლოა თანამშრომლები მცირედით წახალისდნენ. მომავალი წლის ბიუჯეტი დამუშავდება ისე, რომ მოსახლეობაზე და მათ საჭიროებებზე, მათი პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული”,- განაცხადა გიორგი გოგილაშვილმა.
სიღნაღელების თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს სოციალურ სფეროზე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და სოფლებსა და ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ სოციალური პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს. სოფლებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, ხალხს საჭმელი არ აქვს. გარდა ამისა, ვფიქრობ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აუცილებელია ასევე ყურადღება მიექცეს ახალგაზრდების საკითხებს, სპორტის განვითარებას და განათლებას. მე იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ ახალი თვითმმართველობა მოსახლეობის მოთხოვნილებების და საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებს”,- განუცხადა Knews.ge-ს ქალაქ სიღნაღში მცხოვრებმა ლამარა ზაუტაშვილმა. 
სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების გარდა, სიღნაღელები ფიქრობენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობასთან ერთად საბიჯეტო სახსრები მცირე მეწარმეების გაძლიერებაზე უნდა გამოყოს. სიღნაღელ ვაჟა ჯოხარიძე მიიჩნევს, რომ მცირე ბიზნესის გაძლიერება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას.
,,როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული თითოეული მოსახლის საჭიროებებზე მოარგოს ბიუჯეტი და მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. გარდა ამისა, სიღნაღი ტურისტული ქალაქია და ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს მეტი პროექტი. ვფიქრობ, ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც არის შესაძლებელი მცირე მეწარმეებისთვის მხარდაჭერა, რომ მათ არსებობა შეძლონ და დახურვის მაგივრად გაძლიერდნენ. თვითმმართველობა ხიდი უნდა იყოს მეწარმეს, ადგილობრივსა და ცენტრალურ მთავრობას შორის”, – ამბობს ვაჟა ჯოხარიძე.