ახალი ამბები

ბაზრობის მოვაჭრეებისთვის დაბეგვრის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება

უწყების ცნობით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ბაზრობის ორგანიზატორმა სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს სავალდებულო მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობა ნებაყოფლობითი იქნება. კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომელსაც მიენიჭება სტატუსი, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად (დასაბეგრი შემოსავლის 20%), გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, რომლის ოდენობა რეალიზებული საქონლის 3% იქნება. 
,,პირი, რომელიც გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, ფაქტობრივად, გათავისუფლდება ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან და არ ექნება გამოსაქვითი ხარჯების დადასტურების პრობლემა. ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი უფლებამოსილი იქნება, უარი თქვას ბრუნვის 3 პროცენტიანი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე და ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმით (დასაბეგრი შემოსავლის 20%). 2020 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება”,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.