პანკისელი მოსწავლე დუისში ქალებისთვის ფიტნეს კლუბის გახსნას გეგმავს
მადინას ბიზნესიდეამ, რომელიც სოფელ ჯოყოლოში ფიტნესკლუბის დაარსებას ითვალისწინებს, აშშ-ის საელჩოს „კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის“ კონკურსში გაიმარჯვა. ის მეწარმეობის შესწავლის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
„აშშ–ში ვიყავით ოთხი კვირა. სამი კვირის განმავლობაში დავდიოდით ინდიანას უნივერსიტეტში და ვსწავლობდით სამეწარმეო ბიზნესს, სოციალურ ბიზნესსა და ბიზნესის მენეჯმენტს. ბოლო ერთი კვირა კი ამერიკის დედაქალაქში, ვაშინგტონში გავატარე. კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის აპლიკაციაში იყო კითხვა, რა არის თქვენი ბიზნეს იდეა? ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. პანკისში მცხოვრებ ქალბატონებს და გოგონებს ვეკითხებოდი, რა იქნებოდა მათთვის კარგი, რომ პანკისის ხეობაში ყოფილიყო. უმრავლესობა ამბობდა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ გაიხსნებოდა ფიტნეს კლუბი. შესაბამისად გამიჩნდა იდეა, რომ პანკისში გამეკეთებინა ფიტნეს კლუბი ქალებისთვის, რადგან ხეობაში ქალებისთვის არ არის ისეთი გასართობი ადგილები, სადაც შეუძლიათ შეიკრიბონ და რამით დაკავდნენ. ფიტნეს კლუბში იქნება სხვადასხვა სახის ტრენაჟორი“, – განუცხადა knews.ge–ს მადინა ალხანაშვილმა.
მისივე თქმით, ფიტნეს კლუბით სარგებლობა ნებისმიერ ქალს შეეძლება.
„კლუბი იმუშავებს ყოველდღე 12–დან საღამოს 6 საათამდე. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, რა იქნება ტრენაჟორებით სარგებლობის ღირებულება. ჩვენი მომსახურებით, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების გარდა, სხვებიც ისარგებლებენ შეეძლებათ. 2018 წლის მარტში პანკისის ხეობაში უნდა ჩამოვიდეს აშშ–ის სახელმწიფო დეპრატამენტის წარმომადგენელი, რომელიც შეფასებს პროექტს ფიტნესკლუბის შესახებ, მის ბიუჯეტს და იმედი მაქვს, რომ დამაფინანსებენ“, – აღნიშნა ალხანაშვილმა.