აგროჟურნალისტიკა ქართული მედიის დღის წესრიგში
ღონისძიებას, რომელიც 27 ნოემბერს თბილისში ჩატარდა, საქართველოს ცენტრალური და რეგიონული მედიის 30-ზე მეტი ჟურნალისტი დაესწრო. შეხვედრის მხარდამჭერი პროექტი „MOLI კახეთში“ იყო, რომელსაც ახორციელებს შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS/EPER – ის ოფისი სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.
სამუშაო შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფი. აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა სტივ ვერბლოუმ სამუშაო შეხვედრაზე ჟურნალისტებს საკუთარი გამოცდილება გააცნო და სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში ჟურნალისტიკის როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, აგროჟურნალისტიკის განვითარება, კერძოდ სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართული ყველა სექტორისა და მხარის წარმომადგენელთა შორის ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა და ხშირი კომუნიკაცია დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,გასული კვირის განმავლობაში ვიმოგზაურე კახეთსა და თბილისში და ბევრი საინტერესო ისტორია მოვისმინე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, დავრწმუნდი, რომ ბევრი ფერმერი და საკვები პროდუქტების მწარმოებელი საჭიროებს ინფორმირებას. ისევე როგორც, მრავალ ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში აგროჟურნალისტთა ასოციაციის დაფუძნება, რომელიც სულ მალე იგეგმება. ძალიან სასიხარულოა, რომ მე ამ ინიციატივის მოწმე ვარ. მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ „აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“ (IFAJ) მხარს დაუჭერს ქართველ კოლეგებს.
ასოციაციამ უნდა გააერთიანოს მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ფერმერთა ინფორმირებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია სხვადასხვა სექტორის, მათ შორის არასამთავრობო, სამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. სწორედ ასოციაციამ უნდა შეუწყოს ხელი ამ რგოლების დაკავშირებას. მივესალმები ამ შესანიშნავ წამოწყებას. ასოციაციის შექმნა ძალიან სწორი ნაბიჯია და დიდ მხარდაჭერას იმსახურებს, “- განაცხადა სტივ ვერბლოუმ.
ქართველი აგროჟურნალისტის, გადაცემა „ჩვენი ფერმა“ წამყვანის დემეტრე ერგემლიძის განმარტებით, საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია აგრო სექტორში მომუშავე ჟურნალისტებისთვის უწყვეტი განათლებისა და ინფორმირების წყარო უნდა გახდეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, აგრომიმართულებით მედიაში ინფორმაცია მაინც მცირეა.
,,აგროჟურნალისტთა ასოციაცია” მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველას, ვინც დაინტერესებულია აგრომიმართულებით შექმნას მედია პროდუქტი, მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პრინციპებით მუშაობს სოფლის მეურნეობა, რა არის არსებითი ამ დარგის განვითარებისთვის, რომ შემდეგ მათ სწორად გაავრცელონ და მიაწოდონ ინფორმაცია სამიზნე ჯგუფებს. ასოციაციამ ხელი უნდა შეუწყოს ტრენინგების, სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობის წარმართვას. უნდა ჩართოს უცხოელი ექსპერტები, რომლებიც გაუზიარებენ გამოცდილებას და დაეხმარებიან უკეთესი მედია პროდუქტის წარმოებაში. ჩემი აზრით, ჟუნალისტები უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებული სოფლის მეურნეობის თემატიკით. მედიაში ასეთი ინფორმაცია საკმაოდ ცოტაა, თუმცა საკმაოდ დიდი სამიზნე ჯგუფია, რადგან სოფლად მცხოვრებთა უმეტესობა დაკავებულია სოფლის მეურნეობით.“
პროექტის ,,MOLI კახეთში“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნესტან მერმანიშვილი აღნიშნავს, რომ უცხოური გამოცდილების გაზიარება და აგრომიმართულებით მომუშავე ჟურნალისტებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია სამიზნე ჯგუფის უკეთ ინფორმირებისთვის.
,,უცხოელი აგროჟურნალისტი სტივ ვერბლოუ პროექტის ,,MOLI კახეთში“ ხელშეწყობით ჩამოვიდა საქართველოში, რათა ჟურნალისტებისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა. ჩვენ ამით გვინდა მხარი დავუჭიროთ ქვეყანაში აგროჟურნალისტიკის და ამ მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების ცოდნის ამაღლებას.
ჩვენი პროექტი მოხარულია გამოხატოს მხარდაუჭერა საქართველოში აგროჟურნალისტთა გაერთიანების შექმნის პროცესში, რომელიც გააერთიანებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტებს, მწერლებს, ბლოგერებს, სხვადასხვა პლატფორმის მედია წარმომადგენლებს. რომლებიც თავის მხრივ ხელს შეუწყობენ მეწარმეების, ფერმერებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებას. ეს კი საბოლოო ჯამში, მოემსახურება სოფლის მეურნეობის განვითარებას.”
ორგანიზაცია ,,მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე, რუსუდან გიგაშვილი მიიჩნევს, რომ ,,აგროჟურნალისტთა ასოციაციის” შექმნა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის პირველი გადადგმული ქმედითი ნაბიჯი იქნება.
,,მიხარია, რომ ეს არის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი აგროჟურნალისტების ერთად თავმოყრისა და მცდელობა იმისა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში განვითარდეს და დაიძრას ყინული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მუშაობა იქნება შედეგიანი და მომავალ წელს ახალი გაერთაინების ფარგლებში ბევრი გვექნება სათქმელიც და გაკეთებულიც.
იმდენად ცოტა ვართ აგროჟურნალისტიკის მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტები, რომ საჭიროა ერთად დავდგეთ სოფლის მეურნეობის განვთარებისთვის, მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის.”
რეგიონული მედიის წარმომადგენელი, საინფორმაციო პორტალ kvemokartli.ge-ს რედაქტორი მანონ ბოკუჩავა ამბობს, რომ ბოლო დროს ადგილობრივი მედია აქტიურად მუშაობს აგრომიმართულებით. მისივე თქმით, ამ კუთხით ჟურნალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანია.
,,აგროჟურნალისტიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეგიონული მედია ისედაც მუშაობს ამ თემაზე. ძალიან სასიხარულოა ,,აგროჟურნალისტთა ასოციაციის” შექმნის ინიციატივა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ამ მიმართულებით ვისწავლოთ მეტი და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები.”
სტივ ვერბლიუ. „აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“ (IFAJ) ფოტო knews.ge
დემეტრე ერგემლიძე. ფოტო knews.ge
აგროჟურნალისტები საქართველოს რეგიონებიდან. ფოტო knews.ge