რუისპირში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა
როგორც knews.ge-ს რუისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა განუცხადა, მაღალი გამავლობის “გაზ66” მარკის ავტომანქანა, რომელიც მთის ფერდობზე მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამობრუნდა და ხევში გადავარდა. თემურ გიგაურის ინფორმაციით, ერთი მგზავრი მანქანიდან გადმოვარდა, ორი კი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
“ავარია მოხდა რუისპირის ზემოთ, ე.წ. ნიშებთან. სატვირთო ავტომანქანა რამდენჯერმე გადატრიალდა და კლდიდან გადავრდა. მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა”, – განუცხადა knews.ge-ს თემურ გიგაურმა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე დაშავებული მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.