ახალი ამბები

გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდება

ღონისძიება ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება. ფესტივალზე ტრადიციულ კერძებთან ერთად წარმოდგენილი იქნება გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 50-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური სასმელები. ფესტივალი 13:00-დან 17:00 სთ-მდე ჩატარდება.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ კახური ღვინო და შეიძინონ ხელმისაწვდომ ფასად, მიიღონ მონაწილეობა ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრებისგამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში და დაათვალიერონ საშემოდგომო პავილიონები, მოისმინონ ფოლკლორული სიმღერები და იხილონ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები, მიიღონ მონაწილეობა სახალისო გათამაშებაში. 
ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუმრებისთვის. 
,,საქართველოს მასშტაბით გურჯაანი გამოირჩევა ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებით, მდიდარია ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებით და ყოველთვის მოწინავე ადგილზეა ყურძნის გადამუშავების რაოდენობის მხრივ და შესაბამისად, ღვინოც დიდი რაოდენობით იწარმოება, ამიტომაც ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის დიდი პოტენციალი უკვე არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში და მაქსიმალურად შევუწყობ ხელს, რომ ახლო მომავალში, გურჯაანი ღვინის კულტურის ცენტრად გადაიქცეს. ამჯერად კი 6 ოქტომბერს პირველად ვმასპინძლობთ ღვინის ფესტივალს, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში და ვიმედოვნებ, რომ მომავალში უფრო მასშტაბურად და უფრო მრავალფეროვანი პროგრამით ვუმასპინძლებთ ჩვენს სტუმრებს,“ – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მაჟრიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ღონისძიება ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.