თბილისში მცირე მარნების ფესტივალი გაიმართა
ფესტივალში კახეთის რეგიონიდან ღვინის რამდენიმე მარანი მონაწილეობდა. ღვინის კლუბის დამფუძნებლისა და ორგანიზატორის, მალხაზ ხარბედიას განმარტებით, ღონისძიების მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია.
,,მაგალითად, მარანმა “სანავარდომ” წლევანდელ ფესტივალზე ოთხი სახეობის ღვინო წარმოადგინა. მარანს აქვს საკუთარი ვენახები, საფერავი და რქაწითელი. სამომავლოდ გეგმავენ წარმოების გაზრდასა და გაძლიერებას. პირველად ასეთ ღონისძიებაში იყალთოში მონაწილეობდნენ, სადაც ბრინჯაოს მედალი აიღეს”, – აღნიშნავს ხარბედია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, საქართველოში ღვინის 700–მდე მწარმოებელია და მსგავსი ფესტივალები ხელს უწყობს მცირე მარნეობის განვითარებას.
,,საქართველოში დადებითი ტენდენციაა, რომ მცირე და საშუალო ღვინის მარნები ვითარდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ოფიციალურად 700-მდე ღვინის მწარმოებელია და ძალიან ბევრი, ათასობითაა დაურეგისტრირებელი საოჯახო მარანი. იმედია, ეს თანდათან აისახება ოფიციალურ მონაცემებში და გვექნება ათასობით მარანი არა მარტო კახეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალს უფრო მეტ აზრს შესძენს და მცირე მარნების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, გაიცნონ და გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს“ – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სამანიშვილმა.