თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაიკეტა
როგორც knews.ge–ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განუცხადა, აბანოს უღელტეხილზე თოვლის საფარი 30–40 სანტიმეტრს აღწევს, რომლის გამოც გზაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. მისივე ინფორმაციით, გზა, სავარაუდოდ, ხვალ დილით გაიხსნება.
„შპს „გერალმა“ გზის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დაიწყო და სავარაუდოდ ხვალ დილით დასრულდება. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის ვალდებულებაა გზის გაწმენდითი სამუშაოები 15 ოქტომბრამდე განახორციელოს. გზა, სავარაუდოდ, 20 ოქტომბერს მაისის შუარიცხვებამდე დაიკეტება“, – განუცხადა knews.ge–ს ლადო კახოიძემ.
2017 წლის მარტიდან თუშეთში, სოფელ ომალოს მიმართულებით ვერტმფრენმა ყოველკვირეულად უფასო ავიარეისების განხორციელება დაიწყო. ვერტმფრენსი მესაზღვრეების გარდა, ომალოში მცხოვრებ მოსახლეობასაც ემსახურებოდა. საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყოველკვირეული ავიარეისები თუშეთის მიმართულებით ამ ზამთარსაც გაგრძელდება. მგზავრობა უფასო იქნება.
თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ზამთრის სეზონზე, ყოველწლიურად ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისში იხსნება