საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს 3 სახის ბიულეტენი დახვდება
„ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ერთდროულად სამი სახის ბიულეტენს. კერძოდ, პროპორციული სიებისთვის, მაჟორიტარული ერთმანდატიანი ოლქებისთვის და ასევე იქნება მერის ასარჩევი ბიულეტენი. ჯერ კიდევ აგვისტოდან დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ბიულეტენების დროულად, შეუცდომლად დაბეჭდვა ყველა იმ რეგიონის მიხედვით, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს და, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოება. ბეჭდვის პროცესს, კანონმდებლობის მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაციები დააკვირდებიან. ასევე, გაიგზავნებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რომ ეს პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად და კანონის შესაბამისად. დაბეჭდვის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ყველაფრის დისტრიბუციას, რაც არ არის ადვილი საქმე. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ბიულეტენი, ყველა შეკვრა მივიდეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც არის მისთვის კანონით განსაზღვრული ადგილი. სქემა, ყველა ეს საკითხი როგორ განხორციელდეს, უკვე დალაგებულია“, – განაცხადა შარაბიძემ.
წინასაარჩევნო პერიოდში ეთნიკური უმცირესობებისათვის ძირითად პრობლემას ენობრივი ბარიერი წარმოადგენს. ადგილობრივების განმარტებით, მართალია ისინი არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, თუმცა საარჩევნო ბიულეტენის ქართულ ენაზე წაკითხვა უჭირთ. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისინი საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ იგებენ, თუ რა არჩევნები ტარდება და ვინ არიან კანდიდატები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრები იმქა მამედოვი ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობს. ჟურნალისტებთან ადვილად კონტაქტობს, თუმცა საარჩევნო თემა მისთვის საინტერესო არ არის. მამედოვი აღნიშნავს, რომ ქართულ ენაზე წერა–კითხვა არ იცის, რის გამოც ვერ შეძლებს ბიულეტენის შევსებას. ის იმედოვნებს, რომ ბიულეტენი აზერბაიჯანულ ენაზეც იქნება დაბეჭდილი.
,,მე დღე და ღამე მინდორში ვმუშაობ და არაფერი არ ვიცი არჩევნებზე. თუ მეცლება, წავალ, მაგრამ მაგდენი დრო სად მაქვს. აქ არავის არ მოსულა ჯერ და ვის მივცე ხმა, ვინ ავირჩიო, რა არჩევნები ტარება არც ეგ არვიცი. მე ქართულად ცოტა მესმის, კითხვაც არ ვიცი და როგორ მივცე ხმა. იმედია რომ აზერბაიჯანულად იქნება ბიულეტენი დაბეჭდილი“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელძღვანელის, მარეხ მგა¬ლობლიშვილის განმარტებით, ყოველი არჩევნების წინა პერიოდში აუცილებელია ეთნიკურ უმცირეს¬ობებს ჰქონდეთ ბიულეტენებისა და სხვა საარჩევნო მასალის იმ ენაზე გაცნობის საშუალება, რომელსაც ისინი ფლობენ:
,,ბოლო წლებში გამართულ არჩევნებში ეთნიკური უმცირესოებით დასახლებულ თემებთან სერიოზული პრობლემები შეგხვდა არა მარტო ბიულეტენების შევსების შემთხვევაში, არამედ კომისიის წევრე¬ბთან ურთიერთობებშიც, რომელიც უამრავ დარღვევას იწვევს. აზერბაიჯანულ ენაზე უნდა მომზადდეს არა მარტო საარჩევნო-სააგიტაციო მასალები, არამედ ნორმატიული აქტებიც. ამ შემთხვევაში კომისიის წევრები და არჩევნების პროცედურებში ჩართული პირები შესძლებენ თავიანთ მშობლიურ ენაზე ამ მასალების წაკითხვას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას“, – განუცხადა knews.ge–ს მარეხ მგალობლიშვილმა.
ცესკოში აცხადებენ, რომ წლევანდელ არჩევნებზე ბიულეტენი ორივე ენაზე, ქართულსა და აზერბაიჯანულზე დაიბეჭდება. პრობლემად რჩება ოროვე ენაზე მომზადებული საარჩევნო-სააგიტაციო მასალები და ნორმატიული აქტები.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცეს¬კოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზეც.