თელავსა და ყვარელში ყურძნის გადამამუშავებელი 3 საწარმო შენდება
„მომავალ წელს მევენახეობის მიმართულებით გაცილებით მეტი კოოპერატივი დაფინანსდება. რამდენიმე წლის შემდეგ საშუალება გვექნება ვიფიქროთ არა მხოლოდ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებზე არამედ, კოოპერატივების მიერ წარმოებული ბრენდირებული ღვინის გაყიდვაზე, რომელიც კოოპერატივების ბრენდის სახელით გავა საერთაშორისო ბაზარზე“, – განუცხადა knews.ge-ს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე.
,,მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებიდან თითოეული მიიღებს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობას. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ”, – აღნიშნავს ხანიშვილი.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულია „შატო აკურა“, „საბა“ და „გავაზის საუკეთესო ვენახები“, რომელშიც ჯამში 60 -ზე მეტი მეპაიე შედის, ხოლო კოოპერატივებში მობილიზებული ვენახი 70 ჰა-ზე მეტს შეადგენს.