პაპა ზურაბოს მარანში 12 სახეობის არაყს აწარმოებენ
როგორც knews.ge–ს ლილი მურთაზაშვილმა განუცხადა, ჭაჭას თავისი მამამთილის მიერ მოწყობილ „პაპა ზურაბოს მარანში“ ხდის მისი შვილი და დაახლოებით 65 გრადუსზე აყენებს. ლილი არაყს 10 სახეობის ხილისგან, სამკურნალო მცენარეებისგან და თაფლისგან ამზადებს.
„ბებიის ნასწავლი რეცეპტებით ვაყენებ არომატულ თორმეტი სახეობის არაყს. არაყს ვამზადებ სეზონის მიხედვით. გაზაფხულზე შემოდის მარწყვი და იქიდან ვიწყებ, შემდეგ უკვე გარგარი, ატამი, ალუბალი, ტყემალი, ქლიავი, ვაშლი, მსხალი, ლურჯი მოცვი. სამკურნალო ბალახებიდან ვიყენებ თავშავას, ბექთქონდარას, პიტნას და სხვა მცენარეებს“, – განუცხადა knews.ge–ს ლილი მურთაზაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროდუქცია სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ლილი არაყს ტურისტებს სადეგუსტაციოდ სთავაზობს.
„ლურჯი მოცვის არაყი ძალიან კარგია თვალების სამკურნალოდ. თაფლის არაყს კი ჩემი შვილი ხუთნაირი ხილისგან და ექვსნაირი სამკურნალო თუშური ბალახებისგან ამზადებს. თუ ადამიანს რაიმე აწუხებს, დილით უზმოზე 50 გრამი არაყი ძალიან სასარგებლოა. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, რომლებსაც წნევა აქვთ. ინგლისელები იყვნენ ჩვენთან და მათ შორის ერთი ასაკოვანი კაცი იყო. როდესაც ავუხსენი თაფლის არყის შემადგენლობა, მკითხა, რატომ მოგაქვს ეს სუფრაზეო? ეს აფთიაქში წამლის სახით უნდა იყიდებოდესო“, – აღნიშნავს ლილი მურთაზაშვილი.
„პაპა ზურაბოს მარანი“ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მარანს თითქმის ყოველდღიურად უცხო ქვეყნის მოქალაქეები სტუმრობენ. ისარეილის მოქალაქე რან გიდორი და მისი მეუღლე არყის დაახლოებით 6 სახეობის დაგემოვნების შემდეგ გაოცებას ვერ მალავენ. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი შემადგენლობის არაყი არასოდეს არ დაულევიათ.
“მე ვარ ებრაელი დიპლომატი და 20 წლის წინ მე ვმუშაობდი საქართველოში, ისარეილის საელჩოში. შემდეგ მე დავტოვე სამსახური და დავბრუნდი ისარელში. 20 წლის შემდეგ გაოცებული დავრჩი, როგორ შეცვლილა საქართველო. ამჟამად კახეთი ჰგავს იტალიას, საფრანგეთს. ძალიან ლამაზი მხარეა. კახეთში რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი. დღეს მე და ჩემი ცოლი ვიყავით ალავერდში და გვინდოდა დაგვეგემოვნებინა კახური ღვინო. როდესაც ჩვენ ვბრუნდებოდით ალავერდიდან, დავინახეთ ეს ძალიან ლამაზი, მიმზიდველი სახლი და გადავწყვიტეთ აქ გავჩერებულიყავით. ჩვენ გავსინჯეთ საოცრად არომატული არაყი. მე დაახლოებით 6 სახის არაყი გავსინჯე. მე ასეთი სასმელი არ დამილევია. არ დამავიწყდება ამ არყის გემო“, – განუცხადა knews.ge-ს ისარეილის მოქალაქემ, რან გიდორმა.
„ბევრი ჩემი მეგობარი ყოფილა საქართველოში და მოუყოლიათ არაჩვეულებრივი გემოს ღვინის, არყის შესახებ. ჭაჭა და ლიქიორი დღეს პირველად გავსინჯე. ძალიან გემრიელი იყო და მომეწონა. განსაკუთრებით მომეწონა ატმისა და თაფლის არაყი“, – განუცხადა knews.ge-ს ისარელის მოქალაქემ, ინა ლაზარივამ.
ლილი მურთაზაშვილს, ასევე, აქვს საწარმო „თუშური ფარდაგი“, სადაც ფარდაგებს, ხალიჩებს, ჩითებს, წინდებსა და სხვა თუშურს სამოსს ქსოვენ. ფარდაგების ორნამენტების ქსოვის უძველესი ტრადიცია ლილი 9 წლის წინ აღადგინა, რის გამოც ხალხური რეწვის ოსტატის სტატუსი მიენიჭა. მან ბუნებრივი 50 ფერი შექმნა. სახლოსნოში მოქსოვილი ფარდაგები ძვირადღირებულია, რომლის ფასი ზომების მიხედვით 250 ლარიდან 10 000 ლარამდე მერყეობს.
ლილი მურთაზაშვილი უახლოეს მომავალში საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში საოჯახო სასტუმროს აშენებასაც აპირებს.