,,ლექსოს მარანში’’ წარმოებული 6 სახეობის ქვევრის ღვინო ახმეტიდან
მევენახემ ღვინის დაყენება 2015 წელს დაიწყო და ამჟამად რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს, ხიხვს, საფერავს, ქვევრის მშრალ, რქაწითელისა და კახური მწვანის კუპაჟურ ღვინოს აწარმოებს. იგი ამბობს, რომ ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება ბავშვობიდან ისწავლა.
ფიცხელაურების საოჯახო მარანი კი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ფუნქციონერებს.
,,საოჯახო მარანი დიდი ხანია გვაქვს, მაგრამ გასაყიდად ღვინოს არ ვაწარმოებდით. მე მახსოვს პაპა, როგორ ამზადებდა ღვინოს, მარანიც და ქვევრებიც მაშინდელია. 2015 წელს ალავერდში ვიყავი, იქ გავსინჯე ქვევრის ღვინო და სწორედ მაშინ გადავწყვიტე პაპას დაწყებული საქმე გამეგრძელებინა და ,,ლექსოს მარანის“ ბრენდის ქვეშ ღვინოების წარმოება დამეწყო. მარანში იყო უძველესი ქვევრები, მაგრამ 15 ტონის მოცულობის რამდენიმე ქვევრი დავამატე. ახლა კიდევ გვინდა 3 ტონიანი ქვევრები დავამატოთ. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 6 დასახელების ღვინოს: რქაწითელს, საფერავს, კახურ მწვანეს, ქისს, ხიხვს და რქაწითელის და კახური მწვანის კუპაჟურ ღვინოს. ვამზადებთ ძველი კახური ტრადიციული მეთოდით, ვაყენებთ ქვევრში და ვავარგებთ ჭაჭაზე 6 თვის დაძველებით. ერთი ბოთლის ფასი 25 ლარიდან იწყება’’, – განუცხადა knews.ge-ს ალექსი ფიცხელაურმა.
მევენახის ინფორმაციით, ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა სამომავლოდ მის გატანას საზღვარგარეთაც გეგმავს. იგი ირწმუნება, რომ ვენახის მოვლისას აგროქიმიკატებს არ მოიხმარს და ღვინოს სპეციალური დანამატების გარეშე აყენებს, რაც პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
,,ვცდილობ მაქსიმალურად ტრადიციული მეთოდით ვიმუშავო. გარდა ამისა, ვენახის მოვლისას არ მოვიხმართ აგროქიმიკატებს, რადგან ხარისხიანი ღვინის დაყენება ვენახის მოვლიდან იწყება. წელიწადში 6 000 ბოთლამდე ღვინოს ვაწამოებთ. პოპულარიზაციისთვის ვცდილობთ ბევრ ფესტივალზე და კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა. სულ მალე საქართველოში უნდა ჩატარდეს ქვევრის ღვინოების საერთაშორისო ფესტივალი, მინდა მასში მივიღო მონაწილეობა, რომ ჩვენ შესახებ ბევრმა გაიგოს’’,–განაცხადა მევენახემ.
ალექსი ფიცხელაური ამბობს, რომ წარმოებული ღვინის საყიდლად უძველეს მარანს ბევრი უცხოელი და ქართველი ტურისტი სტუმრობს. იგი აღნიშნავს, რომ ვიზიტორები ძირითადად ღვინის მოყვარულები და დარგის სპეციალისტები არიან, რომლებსაც ღვინო საკუთარ ქვეყანაში მეგობრებისთვის მიაქვთ.
,,ტურისტები ბევრი გვყავს, როგორც ქართველი ასევე უცხოელი. მოდიან ამერიკიდან, ჰოლანდიიდან, და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. სტუმრად მოდიან ძირითადად ღვინის მოყვარული და დარგის სპეციალისტები, რომლებიც დეგუსტაციაში იღებენ მონაწილეობას და ეცნობიან ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს. ჩემი ღვინო ჯერ საზღვარგარეთ არ იყიდება, მაგრამ ვფიქრობთ მაგაზეც აქტიურად დავიწყოთ მუშაობა. მხოლოდ ტურისტებს გააქვთ თავიაანთ ქვეყნებში. აქ ყიდულობენ და ამერიკაში, მოსკოვში და სხვა ევროპულ ქალაქებში მეგობრებთან მიაქვთ.’’
მევენახე მიიჩნევს, რომ მცირე მარნის განვითარება და ღვინის წარმოების დაწყება რთული არ არის, თუმცა საპასუხისმგებლო საქმეა. იგი ფიქრობს, რომ დამწყებმა მევენახემ საქმის დაწყებამდე არსებული ცოდნა უნდა გაიღრმავოს და უკეთ ისწავლოს ხარისხიანი ღვინის დაყენების მეთოდი.
,,ამ საქმის დაწყება თავიდან ძნელი არ არის, მთავარია მონდომება და სათანადო ცოდნა. თავიდან შეიძლება მევენახემ მცირე წარმოებით დაიწყოს, 200–300 ლიტრიან ქვევრში დაწუროს ყურძენი, ჩამოასხას ბოთლებში და გაიტანოს სარეალიზაციოდ. ეს ყველაფერი ისეთი აზარტულია, რომ საქმიანობას ვეღარ შეწყვეტს. აუცილებელია ბევრი მცირე მარნის გააქტიურება და გაძლიერება, რაც დარგის გაძლიერებას ნიშნავს. ღვინის და აგროტურიზმის გაძლიერება ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაძლიერებას. გარდა ამისა, ამასთანავე მნიშვნელოვანია ხარისხიც“.
მევენახე სამომავლოდ წარმოების გაზრდას, ვაზის ძველი ქართული ჯიშების აღდგენას და აგროტურიზმის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.