თუშეთში გზის დონე 1 მეტრით მოიმატებს
როგორც knews.ge–ს გიორგი სეთურიძემ განუცხადა, 100 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე მიწაყრილებით გზის დონე მოიმატებს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ავწვიოთ გზის დონე წყლის დონეზე ერთი მეტრით მაღლა. ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და დაწყებულია დამატებითი მანქანა–მექანიზმების მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზა. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ წყლის დონე დავწიოთ. მეწყერული პროცესები ისევ გრძელდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თუშეთში მგზავრობის მსურველ ადამიანებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როცა გადაადგილდებიან ამ გზაზე და არ გააჩერონ ავტომანქანები ქვის ცვენის ადგილებში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები გზის ამ მონაკვეთზე 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი სეთურიძემ.
მისივე ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ყოველდღე საღამოს 20:00 სთ-დან დილის 06:00სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე სპეციალური რეჟიმი ქვის ძლიერი ცვენის გამო დაწესდა.
შეგახსენებთ, რომ თუშეთის გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი. გუშინ გზის ამ მონაკვეთზე მეწყერი ისევ ჩამოწვა. შედეგად გზის სავალი ნაწილი დაიტბორა. წყლის დონე 30 სანტიმტერს აღწევს. მასობრივი ქვათაცვენის გამო მაღალი გამავლობისა და სატვირტო ავტომობილების გადაადგილება სახიფათოა.