სტატიები

ბაბანეურის მარანში დავარგებული ღვინო ექსპორტზე გავიდა

ღვინის მარნის მფლობელმა ვახო ოდოიძემ ბიზნესსაქმიანობა 2 წლის წინ დაიწყო. იგი ღვინოს მარანში აძველებს.
,,ღვინის მცირე მარნებისთვის აუცილებელია, რომ ღვინის შესანახად კარგი პირობები არსებობდეს. ჩვენ 1500 კვ.მ.-ზე ავაშენეთ მარანი და ჩავაწყეთ ქვევრები. ჩვენი პირველი მოსავალი გასულ წელს დავწურეთ. 
მინდა ვთქვა, რომ გარდა ამ ადგილის ისტორიული მნიშვნელობისა, კლიმატისა და პირობების თვალსაზრისით ადგილი მართლაც საუკეთესოა. შემიძლია მოვიყვანო კარგი ხარისხის ყურძენი, დავწურო, დავალაგო და დავაძველო”, – განუცხადა knews.ge-ს ვახო იდოიძემ.
მეღვინე ამბობს, რომ მარანში აწარმოებს 4 სახეობის ღვინოს – კახურ მწვანეს, საფერავს, რქაწითელსა და ქისის, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა.
,,ჩვენი ღვინის მთავარი უპირატესობა ინდივიდუალური, სახასიათო და გამორჩეული გემოა. ეს ახასიათებთ პატარა მარნებს. მაგალითად, ჩემი ვენახიდან სხვამ რომ წაიღოს და დაწუროს ყურძენი, მისი ღვინო სხვანაირი გამოვა – კარგი, თუმცა თავისებური, ინდივიდუალური გემო ექნება. ჩვენი შრომით კმაყოფილები ვართ. ყველაფერს მე და მამა ვაკეთებთ, თუმცა ფიზიკურად, ბუნებრივია, ვენახის მოვლას ვერ გავწვდებით. სეზონზე 30-40 კაცი მაინც უნდა გამოვიყვანოთ ხოლმე თითო ოპერაციაზე”, – ამბობს ოდოიძე.
მისივე თქმით, ახლო მომავალში ბიომეღვინეობის წარმოებაზე გადასვლას გეგმავს.
,,ახალგაზრდა ვენახი იყო და აქამდე არ მოგვეცა საშუალება, თუმცა დავიწყეთ და ცოტა ხანში მთლიანად გადავალთ ბიომეღვინეობაზე. ეს გულისხმობს ბიოლოგიურად სუფთა წარმოებას – შხამ-ქიმიკატები, რომლითაც ვენახი იწამლება, ბიოლოგიურად სუფთაა და წამალს ვაზთან კონტაქტი არა აქვს. ბიომევენახეობაში რაოდენობას გაცილებით ნაკლებს იღებ, მაგრამ სამაგიეროდ, იმდენად ხარისხიანს, რომ ფასიც უფრო მაღალია და მოთხოვნაც”, – განმარტავს ბიზნესმენი.
ბიზნესმენი სოფელში ღვინის ტურიზმის განვითარებაზეც მუშაობს.
,,ღვინის ტურიზმის განვითარება და ბაბანეურის ფართო მასებისთვის გაცნობა გვინდა. სტუმრის სათანადოდ მიღება და გამასპინძლება რომ შეიძლებოდეს, ამისათვის ავაშენეთ სასტუმრო, რომელიც სულ მალე გაიხსნება. აქ ტურისტებს გავაცნობთ კახურ ტრადიციებს, თონეში პურის ჩაკვრას, ჩურჩხელის ამოვლებას ვასწავლით. აქ ამისთვის ყველა პირობა გვაქვს“, – აღნიშნავს ბიზნესმენი.
მარნის თანამშრომლები საფრანგეთში ღვინის ექსპორტის საკითხებზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.