ინვესტორებისთვის მიწების შეთავაზება ვებ-პლატფორმის საშუალებით იქნება შესაძლებელი
“აგროპარკის” პროექტი საპარტნიორო ფონდმა “სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში 38 000 ლარით დააფინანსა. პროექტის ავტორების გათვლებით, ვებ-გვერდზე უკვე გაშენებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები განთავსდება და მათ ინვესტორებს შესთავაზებენ.
პროექტის ავტორი, გიორგი ნაკაშიძე აცხადებს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვაზე მორატორიუმის დაწესების გამო იძულებილი გახდა პროექტის მოდელი შეეცვალა. მისი თქმით, თუ უცხოელი სასოფლო-სამეურნეო მიწას ვერ შეიძენს, დაინტერესების შემთხვევაში მას შეეძლება გახდეს სპონსორი და მიიღოს შემოსავალი.
“მორატორიუმის გამო მიწა მარტივად ვეღარ გაიყიდება. აქ გაგვირთულდა საქმე, რეგულაციის გარეშე მეტი ინტერესი იქნებოდა. ვებ-პლატფორმის ახალი მოდელი საშუალებას მისცემს მიწის მესაკუთრეებს თავად განათავსონ ვებ-გვერდზე შეთავაზებები. იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი ადგილობრივი იქნება, ისინი პლატფორმაზე მიწის ნაკვეთების შესყიდვას თავისუფლად შეძლებენ”,– განაცხადა გიორგი ნაკაშიძემ.