ვიდეორეპორტაჟი

1. გოჭების მარათონი – პირველი გადაცემა

მცირე ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებში ღორების გაზრდის მეთოდები ფერმერებისთვის მუდმივ გამოწვევად რჩება: როგორ უნდა მოვუაროთ საოჯახო მეურნეობებში გოჭებს ისე, რომ ზრდასრულ ასაკამდე ჯანმრთელი, ხარიხსიანი და საბოლოო ჯამში კი გემრიელი პროდუქცია მივიღოთ, – ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი გადაცემათა ციკლიდან მიიღებთ.

პროექტმა MOLI-მ ორი სხვადასხვა საოჯახო ფერმისთვის შეიძინა დიუროკისა და ჰერმფშირის ამერიკული ჯიშის 4 გოჭი, რომლებიც კვების ორი სხვადასხვა მეთოდით: ტრადიციული ქართული და ახლებური საკვების გამოყენებით გამოიზრდებიან. 

2 გოჭს ახმეტაში მცხოვრები ზვიად ჩოლოყაშვილის საოჯახო მეურნეობაში ტრადიციული მეთოდოლოგიით გამოზრდიან, ხოლო მეორე 2 გოჭს კვების თანამედროვე მეთოდების და საკვების გამოყენებით, ნათელა მამუჩარაშვილის ოჯახში მდებარე ფერმერულ მეურნეობაში გაზრდიან. 
,,პროექტის განხორცილების მთავარი მიზეზი იყო გავრცელებული ინფორმაცია და შეხედულება მოსახლეობაში, რომ გაუმჯობესებული საკვების მიღების შემთხვევაში, ვგულისხმობ პრემიქსს, ღორის ხორცი იძენს სპეციფიკურ სუნს და უკარგავს მას გემოვნურ თვისებებს. 2 გოჭი გაიზრდება გაუმჯობესებული, ვიტამინიზირებული ე.წ. პრემიქსიანი საკვების მეშვეობით, ხოლო სხვა 2 გოჭი გაიზრდება ტრადიციული საკვებით და შედეგებს რამდენიმე თვის შემდეგ ვიხილავთ“, – ამბობს პროექტ MOLI-ის წარმოების მიმართულების კოორდინატორი პავლე კეღოშვილი.

პროექტის ბენეფიციარები ახმეტაში მცხოვრები ზვიად ჩოლოყაშვილი და სოფელ მატნის მკვიდრი ფერმერი ქალბატონი ნათელა მამუჩარაშვილი არიან. ზვიადი უკვე 20 წელია რაც ღორებს ტრადიციული მეთოდით ზრდის. ის ირწმუნება, რომ ამ მეთოდით გაზრდილი ღორი გამოირჩევა როგორც გემოვნური თვისებებით, ასევე საოჯახო სარგებლობისათვის მომგებიანია. ზვიადი აღნიშნავს, რომ ტრადიციული მეთოდით გოჭის გაზრდა იაფი ჯდება. ფერმერი გოჭებს საკუთარ ბოსტანში მოყვანილი იონჯითა და სიმინდით კვებავს. მას მიაჩნია, რომ პრემიქსით გაზრდილ გოჭს არასასურველი გემოვნური თვისებები ექნება.
,,20 წელია მივდევ მეღორეობას, ვზრდი ტრადიციული მეთოდით და როგორც ბევრი ოჯახი, ზამთარში ვკლავთ ღორებს ოჯახისთვის. საკვები პროდუქტი თუ ჩვენი არ არის, ძვირი ჯდება. ღორებს ვაჭმევ სიმინდს, ქატოს, შრატს ერთმანეთში არეულს, ასევე, ბოსტანში მაქვს იონჯა და ესეც მეხმარება. ტრადიციული მეთოდით ღორების გაზრის შემთხვევაში, ხორცი სუფთა და ნატუალურია, გამოირჩევა გემოვნური თვისებებითაც. ვაპირებ, ამ პროექტის ფარგლებშიც ასე გავარძელო “, – აღნიშნავს ფერმერი.

ფერმერი ნათელა მამუჩარაშვილი დღემდე გოჭებს ტრადიციული მეთოდით ზრდიდა, თუმცა ახლა გადაწყვეტილება შეცვალა და გოჭების გაზრდას დამატებითი საკვების ხელშეწყობით, ახალი მეთოდოლოგიით აპირებს. მას მიაჩნია, რომ ვიტამინებით გაჯერებული საკვების დახმარებით, რომელიც გამდიდრებულია მინერალებით, გოჭები წონაშიც მალე მოიმატებენ და ხორცი გემოვნური თვისებებითაც გამორჩეული იქნება. მამუჩარაშვილი სამომავლოდ ღორების ფერმის გაფართოებას აპირებს და ამბობს, რომ თანამედროვე მეთოდით გოჭების მოშენება მისთვის მომგებიანი იქნება. 
,,გადავწყვიტეთ, რომ პრემიქსით გამოვზარდოთ გოჭები. საკვები რომ გვექნება პროექტის ფარგლებში, დიდი შეღავათია ჩვენთვის. საერთოდ ოჯახისთვის ვზრდით ღორებს, 10 წელზე მეტი გამოცდილება გვაქვს. ეხლა მეტად მოვინდომეთ და გვინდა, რომ საღორე გავაფართოვოთ, რათა მცირე ბიზნესათ ვაქციოთ ჩვენი საოჯახო საქმიანობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვეტერინარის რჩევები. სამომავლოდ გვინდა, რომ მაღალტექნოლოგიური ფერმა შევქმნათ. სიამოვნებით დავთანხმდი პროექტში მონაწილებას. თუ ხორცის გემო უკეთესი და ეკონომიკურადაც მომგებიანი იქნება, სამომავლოდ გავაგრძელებთ ახლებური მეთოდით გოჭების მოშენებას. ეს არის ჩემთვის გამოწვევა, რადგან პირველად მაქვს შეხება ამ სტანდარტით გოჭების გაზრდასთან“, – აცხადებს ფერმერი ქალი.

კომპანია „ინვეტის“ ექიმი-ვეტერინარი სოსო გურგენიძე ამბობს, რომ ღორების ტრადიციულ და თანამედროვე გაზრდაში, ძირითადად, საკვები იგულისხმება. ვეტერინარის რჩევით, გოჭების გაზრდისთვის უპირველეს ყოვლისა აუცილებელია სადგომის მოწყობა და სადეზინფექციო სამუშაოს ჩატარება. გოჭები კი უნდა შეირჩეს ჯიშობრივი მახასიათებლის მიხედვით.
,,ორივე გოჭს სჭირდება განსხვავებული მოვლა, კვება და შენახვა, გარემო პირობები. თავის დროზე საკვების მიცემა, დაწყურება, ვენტილაცია, ზოოჰიგიენური პირობების დაცვა, დროული დამუშავება ანტიპარაზიტებზე, ვაქცინაცია და სხვა. პროექტის ფარგლებში უნდა გავზარდოთ გოჭები ტრადიციული და თანამედროვე მიმართულებით. ტრადიციული მეთოდით გოჭების გამოზრდა ნიშნავს, რომ საკვებათ მოვიხმართ სახლში მოყვანილ მარცვლეულ კულტურებს, ესენია – ქერი, ხორბალი, სიმინდი, დაღერღილი, ხოლო თანამედროვე მეთოდით გაზრდაში იგულისხმება გოჭების გამოზრდა პრემიქსით. პროექტის ფარგლებში რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენი დაკვირვების შედეგად ვნახავთ, რა შედეგები გვექნება წონაში და გემოვნური თვისებების კუთხით“, – აცხადებს გურგენიძე.

პროექტ MOLI-ის წარმომადგენლის პავლე კეღოშვილის ინფორმაციით, ორი ფერმერის ოჯახში გადანაწილებული გოჭები რამდენიმე თვის განმავლობაში ვეტერინარის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. მისივე თქმით, პროექტის მიზანია, ერთმანეთს შეადარონ ორი განსხვავებული წესით გაზრდილი გოჭი, როგორც წონაში მომატების, ასევე, ფინანსური სარგებლის თვალსაზრისით.
,,პროექტის ფარგლებში ოთხივე გოჭი იქნება ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ. პრემიქსიანი საკვებით ოჯახს მოამარაგებს კომპანია ,,ინვეტი“. 6 თვის შემდეგ მოხდება ხორცის ბრმა დეგუსტაცია და გავარკვევთ, თუ რამდენად განსხვავებული გემოვნური თვისებები ექნებათ სხვადასხვა მეთოდით გაზრდილ გოჭებს. შედეგად დაითვლება ეკონომიკური სარგებლიანობა, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ფერმერისთვის რომელიმე მეთოდით გოჭის გაზრდა დროის მცირე მონაკვეთში მეტი მოგების მიღების მიზნით“, – აღნიშნავს პავლე კეღოშვილი.

პროექტ MOLI-ის მხარდაჭერითა და მედია კომპანია „კახეთის ხმის“ ავტორობით დაიწყო ახალი პროექტი ,,გოჭების მარათონი“, რომელიც 6 თვეს მოიცავს. პროექტის ფარგლებში დააკვირდებიან გოჭებს, რომლებიც იზრდებიან ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით. პროექტის სპონსორია კომპანია „ინვეტი“, ხოლო მხარდამჭერი MOLI კახეთში.
არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS/EPER-ის პროექტი ,,MOLI კახეთში“ შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით კახეთის რეგიონში მეექვსე წელია ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ემსახურება მეცხოველეობის დარგის განვითარებას რეგიონში. პროექტი მუშაობს იმ ბიზნესსექტორთან, რომელიც მეცხოველეობის დარგთან არის კავშირში, კერძოდ, რძის საწარმოებთან, სასაკლაოებთან, საკვების წარმოებასთან, ვეტერინარიასთან და სხვა მიმართულებები.

 

გადაცემაზე მუშაობდნენ: 

იდეის ავტორი: ალექსანდრე ღოღობერიძე
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)

 

გადაცემის მხარდამჭერია პროექტი „MOLI კახეთში“, რომელსაც ახორციელებს შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS/EPER – ის ოფისი სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.

 The program is facilitated by MOLI in Kakheti project implemented by HEKS/EPER office in South Caucasus, funded by the Swiss Government.