ყვარელში ღვინის ლაბორატორია და საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა
იგი მევენახეებს ღვინის 7 სახეობის ანალიზის ჩატარებას და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასთან დაკაშირებით კვალიფიციურ რეკომენდაციებს სთავაზობს. მისი დამფუძნებელი ვანო შიუკაშვილი ამბობს, რომ ახალი ლაბორატორია, რომელიც მევენახეებს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის მაღალკვალიფიციურ და სწრაფ მომსახურებას სთავაზობს, კახეთის რეგიონში ერთია.
მისივე ინფორმაციით, ლაბორატორიაში შესაძლებელია ღვინოში ალკოჰოლის, შაქარის, საერთო ტიტრული მჟავიანობის, აქროლადი მჟავების, თავი ფოტოელექტროკოლორიმეტრით მეტალების რაოდენობის, თავისუფალი და საერთო გოგირდის შემცველობის განსაზღვრა. ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე ვანო მევენახეებს რჩევებსაც აძლევს.
,,კახელ ფერმერებს,რომლებიც ღვინოს აწარმოებენ, მუდმივად ჰქონდათ ის პრობლემა, რომ ღვინის შესამოწმებლად სჭირდებოდათ ლაბორატორია, მაგრამ კახეთში არ არის ამის შესაძლებლობა. ისინი იძულებულები არიან, ღვინის სინჯი თბილისში წაიღონ შესამოწმებლად. ეს კი დამატებით ხარჯს და დროს მოითხოვს. გარდა ამისა, თბილისში ძვირი ღირს ანალიზის გაკეთებაც, ამიტომ ვიფიქრე, ყვარელში გამეხსნა ლაბორატორია, რომელიც კახეთის რეგიონს და ახლომდებარე სამ მუნიციპალიტეტს ყვარელს, გურჯაანს და თელავს სრულად მოემსახურება. ლაბორატორია სამი თვეა რაც გაიხსნა, თუმცა ჩვენი მომსახურებით ყოველდღიურად მეტი მევენახე ინტერესდება’’,– განუცხადა Knews.ge-ს ვანო შიუკაშვილმა.
მისივე თქმით, „ღვინტესტი“ მეღვინეებს ასევე მევენახეობაში, სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში, დიზაინში, მარკეტინგში, დისტრიბუციაში, საბუღალტრო აღრიცხვაში, ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვასა და ენოტურიზმის განვითარებაშიც დაეხმარება. ვანო შიუკაშვილი ამბობს, რომ მათი მომსახურება ხარისხიანი, ხოლო გადასახადი მინიმალურია.
,,ჩვენი მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო მარნების განვითარების მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ღვინის ლაბორატორიულ ანალიზის დროს მევენახეს მხოლოდ 15 ლარის გადახდა უწევს. ჩვენს ლაბორატორიაში შესაძლებელია ღვინის ორგანოლეპტიკური ანალიზიც, რომელსაც გამოცდილი დეგუსტატორები ატარებენ. მევენახეებს ვთავაზობთ ადგილზე სწავლებას, უფასო სატელეფონო კონსულტაციას, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარება აქტუალურ თემებზე. საკონსულტაციო ცენტრი უკვე აქტიურად მუშაობს და რამდენიმე მარანს ემსახურება. ‘’
ვანო შიუკაშვილი მიუთითებს, რომ მეღვინეობის დარგის განვითარების წინაპირობაა ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და მევენახეების ინფორმირება, რომელიც ღვინის ლაბორატორიის ერთ-ერთი მიზანია.
,,კახეთში მცირე მარნები ძალიან მომრავლდა. ბევრია ისეთი მეწარმე, რომელიც მეღვინეობაში ვერ ერკვევა. სწორედ ეს იყო “ღვინტესტის“ დაარსების ბიძგი. მცირე მარნებს რჩევები და ცოდნის გაზიარება ესაჭიროებათ. გარდა ამისა, პროდუქციის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ქართული ჯიშები განუმეორებელია. თუ გვინდა მევენახეობის და მეღვინეობის დარგი, ასევე მცირე მარნები გაძლიერდეს, მუდმივი უნდა ვიზრუნოთ ხარისხის გაუმჯობესებაზე’’,– განუცხადა knews.ge-ს ვანო შიუკაშვილმა.