ახალი ამბები

რკინიგზის დეპარტამენტი – მოშიმშილეები სამუშაო ადგილის შეცვლას თავად დათანხმდნენ

რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის, ნანა კლარჯეიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა კახეთიდან სხვა რეგიონში სამუშაოდ გადასვლაზე თანხმობა განაცხადეს და მათი ტრანსპორტირების ხარჯებსაც რკინიგზის დეპარტამენტი დაფარავს.
“ბოლო პერიოდში კახეთის რეგიონში ტვირთბრუნვამ იკლო. შესაბამისად, საჭიროებას აღარ წარმოადგენდა ამ ადამიანების ადგილზე მუშაობა. რკინიგზის დეპარტამენტმა ისინი სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში გადაიყვანა. რეორგანიზაციამდე თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია და ახსნა–განმარტებები მიეწოდათ. ასევე რეორგანიზაციას წინ უძღოდა მათი წერილობითი თანხმობა ახალ რეგიონში გადასვლაზე. სამწუხაროდ, რკინიგზის გარეთ აღმოჩნდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებსაც სურთ რკინიგზაში პრობლემების შექმნა. ჩვენ ორჯერ გავუგზავნეთ ამ ადამიანებს განმარტებითი წერილი და ვთხოვთ თანშრომლობის გაგრძელებას”, – განაცხადა ნანა კლარჯეიშვილმა.
რკინიგზის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი გურჯაანის რკინიგზის სამსახურში მუშაობდნენ, თუმცა სამუშაო ადგილების შემცირების გამო, სადახლოს განყოფილებაში გადაიყვანეს. მოშიმშილეები სწორედ ამ ცვლილებას აპროტესტებენ და თავდაპირველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას მოითხოვენ. 
რკინიგზის დეპარტამენტთან, სადაც რკინიგზელებმა შიმშილობა დაიწყეს, მცირე ინცინდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოშიმშილეებმა კარავი გაშალეს, ხოლო პოლიციის თანამარომლებმა მისი დაშლა დაიწყეს.
„ჩვენ რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ კარავი გავშალეთ. სამართალდამცველებმა კი აქციის დაშლა ან კარვის სხვა ადგილას გადატანა დაგვავალეს, თუმცა ჩვენ ამ წინადადებაზე არ დავთანხმდით. პოლიციამ კარავი ძალისმიერი მეთოდით დაშალა. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, რომ სადაც გვინდა, იქ გავმართოთ აქცია“, – განუცხადა knews.ge–ს საქარველოს რკინიგზის კახეთის რეგიონის თანამშრომელმა უჩა ღვთისიაშვილმა. 
მოშიმშილეებმა კარავი მოგვიანებით ისევ გაშალეს.