საქართველოში მეკარტოფილეობის პოტენციალის შესწავლა იწყება
საქართველოში ცენტრის წარმომადგენელლის, რუსუდან მდივნის ინფორმაციით, სამი წლის ვადაში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა მეკარტოფილეობის დარგის განვითარების პოტენციალის და მისი ეფექტიანობის შესახებ კვლევა უნდა ჩაატაროს.
„ვინაიდან საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებაში კარტოფილს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც მეორე პურს და კულტურას, რომლის მოთხოვნაც ქვეყნის შიგნით შესაძლებელია დაკმაყოფილდეს საქართველოში ადგილობრივი წარმოებით, ამდენად კარტოფილის ახალი ჯიშებისა და ინოვაციურ ტექნოლოგიების შემოტანას და დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის“, – განაცხადა რუსუდან მდივანმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში CIP-ის მიერ გამოგზავნილი 90-ზე მეტი ჯიშის კარტოფილის გამოცდა მიმდინარეობს.
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) კარტოფილის ჯიშებისა და ტექნოლოგიების შექმნის თვალსაზრისით, მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურაა, რომლის სათაო ოფისი არის პერუში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, CIP საქართველოს გააერთიანებს ერთიან მონაცემთა ბაზაში, რომლითაც ქვეყანა მიიღებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა მსოფლიო მიღწევების შედეგებზე ინფორმაციას და შეძლებს საკუთარი მიღწევების გაზიარებას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.
„CIP უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს კარტოფილის ახალ მაღალმოსავლიან და დაავადებებისადმი გამძლე ჯიშებს, რომლებიც გამოყვანილია პერუში და საქართველოში ქართული სახელით დარეგისტრირდება. CIP უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს კარტოფილის მოვლა–მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსაც და გადაამზადებს ქართველ მეცნიერებს. CIP უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს კარტოფილის პირველად გასამრავლებელ მასალას (გერმპლაზმას) და განავითარებს ადგილობრივ წარმოებას, რაც მომავალში გამორიცხავს იმპორტის აუცილებლობას. კარტოფილის სათესლე მასალა იწარმოება ქვეყნის შიგნით“, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში.
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოსთან 1999 წლიდან თანამშრომლობს, მაგრამ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლობა ,,კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალი საქართველოსათვის“ 2016 წლიდან გაიხსნა.