ახალი ამბები

სოფელ ზიარის ტერიტორიაზე ქვის ხანის იარაღი აღმოაჩინეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, იარაღი, სავარაუდოდ, ქვის ხანის შუა პალეოლითის ეპოქის დროინდელია. 
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის განცხადებით, არტეფაქტები შესაძლებელია როგორც შრომის, ისე სანადირო იარაღის შემადგენელი ნაწილი ყოფილიყო.
„ოდნავ მოვთხარეთ და ვნახეთ ზალიან ძველი, დაახლოებით 300 000 წლიდან მოყოლებული ადამიანის მიერ დამზადებული რამდენიმე იარაღი და ცოტა გვიანდელი. სავარაუდოდ ეს ტერიტორია დაახლოებით 12 000 წლის წინ ათვისებული იყო“, – განაცხადა ნიკოლოზ თუშაბრამიშვილმა. 
როგორც knews.ge–ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ იარაღს გეომეტრიული ფორმა აქვს და შრომის იარაღად იყენებდნენ. მისივე ინფორმაციით, ვულკანური მინის იარაღი კახეთში, სავარაუდოდ, ჯავახეთიდან ჩაიტანეს.
„პირველყოფილი ადამიანი კაჟის ქვისაგან ამზადებდა სხვადასხვა არტეფაქტებს და ეს ძეგლის ტერიტორიაზე მოიპოვება. ობსიდიანი ანუ ვულკანური მინა მოიპოვება მხოლოდ ჯავახეთის ტერიტორიაზე, საიდანაც კახეთში ჩამოიტანეს. სულ ახლახანს სოფელ ფხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აღმოაჩინეს უძველესი ცხოველების ძვლოვანი მასალა“, – განუცხადა knews.ge–ს თამაზ მარკოზაშვილმა. 
არქეოლოგიურ ექსპედიციაში ქართველ სტუდენტებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც მონაწილეობენ. 
ზიარის და ფხოველის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება.
ძვლის ფრაგმენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.